საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვიდან ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა
საკონსტიტუციო სასამართლომ იუსტიციის საბჭოს წინააღმდეგ სარჩელის განხილვიდან ევა გოცირიძის აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინააღმდეგ შეტანილი სარჩელის განხილვაში მონაწილეობას გააგრძელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის, „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ შუამდგომლობა ევა გოცირიძის აცილებასთან დაკავშირებით.

აცილების შუამდგომლობა მოსარჩელემ იმ მოტივით დააყენა, რომ ევა გოცირიძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში თავად მონაწილეობდა სადავო ნორმის – მოსამართლეობის კანდიდატების დახურულ სხდომაზე მოსმენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებაში, ამდენად მათი პოზიციით, არსებობდა სუბიექტური დამოკიდებულების ალბათობა.

სასამართლოს პირველი კოლეგიის გადაწყვეტილებაში კი, რომელიც მოსამართლე მერაბ ტურავამ წაიკითხა, ნათქვამია, რომ მოსარჩელის მოსაზრება არ არის გოცირიძის აცილებისთვის საკმარისი არგუმენტი, ვინაიდან საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში ხშირად ყოფილა შემთხვევები, როცა მოსამართლეები არიან პარლამენტის ყოფილი წევრები და უწევთ იმ კანონებზე მსჯელობა, რომელთა მიღებაშიც თავად მონაწილეობდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოსამართლეობის პერიოდში ისინი გადაუხვევენ მიუკერძოებლობის პრინციპს.

როგორც მერაბ ტურავამ განაცხადა, თავად ევა გოცირიძე მზად იყო, აცილების შესახებ მოთხოვნა დაეკმაყოფილებინა საზოგადოებაში მოსალოდნელი კითხვების გამო.