საკონსტიტუციო სასამართლომ გიგი უგულავას სარჩელი დაუსაბუთებლად მიიჩნია
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ განჩინება მიიღო. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა საკამარისი არგუმენტაცია.
“კონსტიტუციურ სარჩელში დავის საგანს წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმა, რომლის თანახმად, სასამართლო სასჯელში არ თვლის ვადას, რაც პირმა სხვა სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში გაატარა უკანონო პატიმრობაში, ანდა პატიმრობაში იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელზეც შემდგომ გამართლდა. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლს (ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლება).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არგუმენტაცია, თუ რატომ მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული რეგულირება ზღუდავს ადამიანის თავისუფლების ხელშეუვალობის უფლების ცალკეულ ასპექტებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ კონსტიტუციური სარჩელი №766 დაუსაბუთებელია და არსებობს მისი არსებითად განსახილველად არმიღების „საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
განჩინება მიღებულ იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პირველი კოლეგიის მიერ.
დავის საგანი: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-4 ნაწილის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლთან მიმართებით