საკონსტიტუციო სასამართლომ დაასრულა ნიკა მელიას სარჩელის არსებითი განხილვა, რომლითაც დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტა გაასაჩივრა
საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა პარლამენტის წინააღმდეგ ნიკანორ მელიას სარჩელის არსებითი განხილვა დაასრულა. თითქმის ცხრასაათიანი პროცესი მხარეთა დასკვნითი სიტყვებით დასრულდა. უცნობია, როდის გამოაცხადებს საკონსტიტუციო სასამართლო გადაწყვეტილებას და ცნობს თუ არა არაკონსტიტიუციურად პარლამენტის იმ დადგენილებას, რომლის საფუძველზეც მელიას დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდა.
მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ პარლამენტმა ნაადრევად მიიღო გადაწყვეტილება და არა საბოლოო განაჩენამდე, არამედ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მიიღო დადგენილება. მელიას ადვოკატის განცხადებით, ვერ მიიღეს პასუხები კითხვაზე, რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო მიიღებს პირველი ინსტანციის სასამართლოს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას.
თავად ნიკა მელია მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება იყო ნაჩქარევი და პოლიტიკურად მოტივირებული
„ცხადზედ უცხადესია, რომ გასაჩივრების მექანიზმის ამოწურვის გარეშე პარლამენტმა მიიღო ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება; მიიღო დადგენილება, რომლის მიღების უფლებაც მას არ ჰქონდა და დადგა ამ სასამართლოს გამართვის აუცილებლობა. თავს ვერ დავდებ, მაგრამ რაც აქ მოვისმინე, ამის მიხედვით, გადაწყვეტილება უნდა იყოს მოღებული კონსტიტუციის სასარგებლოდ და არა რომელიმე ცალკე აღებული დეპუტატის. არ მაქვს პარლამენტში დაბრუნების სურვილი“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მოპასუხე მხარე კი მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება პარლამენტმა კანონიერად მიიღო. პარლამენტის წარმომადგენლის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანომ იხელმძღვანელა როგორც კონსტიტუციით, ასევე პარლამენტის რეგლამენტით.