საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა
საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც გირაოს შეტანამდე ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა

საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო საპროცესო კოდექსის შესაბამისი მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გირაოს შეტანამდე მოსამართლის მიერ ბრალდებულის გათავისუფლებას გამორიცხავდა.

როგორც საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საქმე ეხება სადავო ნორმას, რომლიდან გამომდინარეც, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას.

საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.

„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა დააკმაყოფილა №1341 და №1660კონსტიტუციური წარდგინებები (თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს კონსტიტუციური წარდგინებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების კონსტიტუციურობის თაობაზე).

წარდგინებებით სადავოდ იყო გამხდარი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმა, რომელიც განსაზღვრავდა დაკავებული ბრალდებულის მიმართ გირაოს გამოყენების წესს. კერძოდ, სადავო ნორმიდან გამომდინარე, დაკავებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდება გირაოს უზრუნველყოფამდე ყველა შემთხვევაში იწვევდა ბრალდებულის პატიმრობაში ყოფნას. წარდგინებების ავტორი მოსამართლე მიიჩნევდა, რომ სასამართლოს უნდა შეძლებოდა, ყოველ ინდივიდუალურ შემთხვევაში გადაეწყვიტა, საჭირო იყო თუ არა პირის მიმართ გირაოს უზრუნველყოფის მიზნით პატიმრობის ღონისძიების გამოყენება.

საკონსტიტუციო სასამართლომ შეაფასა რამდენად წარმოადგენდა სადავო რეგულირება გამოძიებისთვის ხელშეშლის თავიდან აცილებისა და მართლმსაჯულების ჯეროვანი განხორციელების ლეგიტიმური მიზნის მიღწევის თანაზომიერ საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამორიცხა გირაოს გადახდის უზრუნველსაყოფად, გამონაკლის შემთხვევაში, პირის პატიმრობაში დატოვების ობიექტური საჭიროება. თუმცა, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ სადავო რეგულირებით, ცალკეულ შემთხვევებში, ინდივიდის ფიზიკური თავისუფლებისა და ხელშეუვალობის უფლება თვითნებურად იზღუდებოდა, რამდენადაც მის საფუძველზე პირი თავისუფლების აღკვეთის/საპატიმრო დაწესებულებაში განაგრძობდა ყოფნას იმ შემთხვევაში, როდესაც აღარ არსებობდა თავად თავისუფლების შეზღუდვის აუცილებელი, საგამონაკლისო საფუძველი. საკონსტიტუციო სასამართლომ გაიზიარა თეთრიწყაროს რაიონული სასამართლოს პოზიცია და მიიჩნია, რომ გირაოს დაუყოვნებლივ გადახდის უზრუნველსაყოფად პირის პატიმრობაში დატოვების აუცილებლობის თაობაზე მოსამართლემ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, არსებული საფრთხეების გათვალისწინებით.

ყოველივე აღნიშნულიდან გათვალისწინებით, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაასკვნა, რომ სადავო ნორმით ხდებოდა ადამიანის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის მე-13 მუხლის პირველ პუნქტი) არათანაზომიერი შეზღუდვა, რის გამოც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-200 მუხლის მე-6 ნაწილის პირველი წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც გამორიცხავდა მოსამართლის მიერ ბრალდებულის გირაოს შეტანამდე გათავისუფლებას“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.