საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“
საკონსტიტუციო სასამართლო განიხილავს სარჩელს „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“

რამდენად ეთიკურია პრეზერვატივის შეფუთვაზე რეკლამის მიზნით თამარ მეფის გამოსახულება და არღვევს თუ არა ანალოგიური მიდგომა ჰუმანურ და ზნეობრივ ნორმებს – ამ საკითხზე დღეს მსჯელობა საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგიამ დაიწყო.

„ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, – ეს არის ინდმეწარმის სარჩელი, რომელიც პრეზერვატივებს სხვადასხვა შინაარსის წარწერებითა და გამოსახულებებით აწარმოებდა. თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ პროდუქციაზე გამოსახული რეკლამა შეფასდა არაეთიკურად და ინდმეწარმეს ჯარიმასთან ერთად დაევალა პროდუქციის ამოღება ბაზრიდან.

სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლები არის ის ნორმები, რომლითაც საერთო სასამართლოებმა იხელმძღვანელეს. სწორედ ეს ნორმებია გასაჩივრებული საკონსტიტუციო სასამართლოში. სადავო რეგულაციები ერთი მხრივ, ადგენენ პირის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისათვის, ხოლო მეორე მხრივ, სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას საქართველოს სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის.

კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, მოსარჩელე მიიჩნევს, რომ რელიგიური ან მორალური გრძნობების დაცვის მიზნით, პირისთვის რეკლამის განთავსებისა ან გავრცელების აკრძალვა არღვევს, როგორც გამოხატვის, ისე შემოქმედების თავისუფლებას. ამასთან, გამოხატვისა და შემოქმედების თავისუფლებას ეწინააღმდეგება სახელმწიფო გერბის ან დროშის შებღალვისთვის გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. გარდა ამისა, მოსარჩელის მტკიცებით, სადავო ნორმებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დამდგენი ნორმები ბუნდოვანია და ვერ აკმაყოფილებს კანონის განჭვრეტადობის კონსტიტუციურ პრინციპს.

საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობს.