საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმომების შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო
საკონსტიტუციო სასამართლომ ე.წ. ჩიპიანი პირადობის მოწმომების შესახებ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო

ეწინააღმდეგება თუ არა კონსტიტუციას პირადობის მოწმობის გაცემის წესი, რომლის მიხედვითაც, აიდი ბარათები ლექტრონული მატარებლით, „ჩიპით“ გაიცემა, – ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლომ სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.

სასამართლოს პირველმა კოლეგიამ 26 დეკემბერს წარმოებაში მიიღო მოქალაქეების, ნანა სეფაშვილისა და ია რეხვიაშვილის სარჩელი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ. მოქმედი ნორმა საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე შეჩერდა, რის შემდეგაც მოქალაქეებს, რომლებსაც რელიგიური მრწამსის გამო არ ჰქონდათ „ჩიპიანი“ მოწმობების აღების სურვილი, საშუალება მიეცათ, აიღონ ბარათები ელექტრონული მატარებლის გარეშე.

დღევანდელ პროცესს ესწრებიან მოსარჩელეებიც, მოწმის სტატუსით დაიკითხებიან ექსპერტებიც.

მოსარჩელეები ამტკიცებენ, რომ „ჩიპის“ შემცველი პირადობის მოწმობა და პასპორტი ადამიანების ტოტალური კონტროლის საშუალებაა და უკავშირდება აპოკალიფსის შესახებ ბიბლიურ წინასწარმეტყველებას.

„იმის გამო, რომ ვარ მართლმადიდებელი და ჩემი რწმენა არ მაძლევს საშუალებას, წმინდა წერილიდან გამომდინარე, ავიღო „ჩიპიანი“ მოწმობა, ჩემი უფლებები იზღუდება. არ მაქვს არანაირი პირადობის მოწმობა, ვერ ვმონაწილეობ არჩევნებში და ვერ ვსარგებლობ სახელმწიფო პროგრამებით, ჩემნაირი კი საქართველოში 147 ათასი ადამიანია“, – ამბობს მოსარჩელე ნანა სეფაშვილი.

სერვისების განვითარების სააგენტოს იურისტი გიორგი ჯიჯეიშვილი კი მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოტანილი მონაცემები სიმართლეს არ შეესაბამება.

„26 დეკემბრიდან დღემდე, ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის მოწმობის აღების სურვილი მხოლოდ 86-მა ადამიანმა გამოთქვა, ყველა სასამართლო უწყებაში ამ საკითხთან დაკავშირებულ დავებში 220-მდე ადამიანია ჩართული. პირადობის მოწმობის გაცემის წესს, რომელიც საქართველოში სწორედ სერვისების გამარტივებისა და პროგრესის მიზნით დამკვიდრდა, ადამიანების გარკვეული რაოდენობა ეწინააღმდეგება. ჩვენ  დავიშვით ელექტრონული მატარებლის გარეშე პირადობის გაცემის ერთთვიანი და იმედი გვაქვს, სასამართლო მალე მიიღებს გადაწყვეტილებას“, – განაცხადა გიორგი ჯიჯეიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მოითხოვდა ბიომეტრიული პასპორტების გაცემის წესის შეცვლასაც, თუმცა სასამართლომ სარჩელის ეს ნაწილი წარმოებაში არ მიიღო.