საკონსტიტუციო სასამართლო ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით ადამიანის სტაციონარში იძულებით მოთავსების შესახებ მსჯელობს
საკონსტიტუციო სასამართლო ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით ადამიანის სტაციონარში იძულებით მოთავსების შესახებ მსჯელობს

საკონსტიტუციო სასამართლო დღეს ფსიქიატრიული მკურნალობის მიზნით ადამიანის სტაციონარში იძულებით მოთავსების შესახებ მსჯელობს. საქმეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.

პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი მოქალაქე მარიანა მანველიანს ეკუთვნის, რომელმაც სასამართლოს კონკრეტული ქეისებიდან გამომდინარე მიმართა. დღეს განმწესრიგებელი სხდომაა, რომელზეც მოსამართლეებმა უნდა იმსჯელონ, მიიღებენ თუ არა სარჩელს წარმოებაში.

მოსარჩელის განმარტებით, წინაპირობები, რომელთა არსებობისას პაციენტი ექვემდებარება არანებაყოფლობით მკურნალობას, განუსაზღვრელი და ბუნდოვანია. მისი თქმით, არსებობს პირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში თვითნებურად მოთავსების რისკიც. მოსარჩელის პოზიციით, სადავო ნორმაზე დაყრდნობით, მხოლოდ საკუთარი რწმენიდან გამომდინარე, ქცევის ან საზოგადოებისაგან განმარტოების გამო, პირი შესაძლოა ჩაითვალოს ფსიქიკური აშლილობის მქონედ და დაექვემდებაროს იძულებით მკურნალობას.

გარდა ამისა, მოსარჩელე მიუთითებს, რომ ფსიქიკური აშლილობის მქონე პირის სტაციონარში მოთავსება მკურნალობის ერთადერთი საშუალებაა და კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფსიქიატრიული დახმარების ალტერნატიულ მეთოდს. ამდენად, სადავო რეგულაცია განაპირობებს პირის თავისუფლებაში არაპროპორციულ ჩარევას, ასევე არღვევს კონსტიტუციით გარანტირებულ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებას, ღირსებასა და რწმენის თავისუფლებას, ასევე არღვევს საერთაშორისო კონვენციებს.