საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის სრული კონფიგურაცია დღეს გახდება ცნობილი
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიის სრული კონფიგურაცია დღეს გახდება ცნობილი. კომისიის შექმნაზე დღეს ბიუროს სხდომაზე იმსჯელებენ.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განმარტებით, ორი იდენტური კომისია დაკომპლექტდება, ვინაიდან პარლამენტში დარეგისტრირებულია საკონსტიტუციო ცვლილების ორი პროექტი. მათივე განცხადებით, ოპოზიციურ პარტიებთან კონსულტაციების შედეგად შეთანხმდნენ, რომ არსებულ 13-კაციან კომისიას კიდევ რამდენიმე წევრი დაემატება, კერძოდ, არასაპარლამენტო ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. უკვე არსებულ სიაში კი შედიან საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წევრები, კონსტიტუციონალისტები და „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.
„ინიცირებულია ორი კონსტიტუციური ცვლილება, თუმცა თავისი შინაარსით ორივე ცვლილება ითვალისწინებს ერთი და იგივე პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას, მაგრამ კანონმდებლობის მიხედვით, შეიქმნება ორი საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია. იყო მოლაპარაკება როგორც საპარლამენტო, ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთან. ჩვენ შევჯერდით, რომ ორივე კომისია დაკომპლექტდება ერთი და იგივე შემადგენლობით გამომდინარე იქიდან, რომ იდენტური, მსგავსი ინიციატივებია. მათი განხილვა მოხდება ერთმანეთის პარალელურად. კომისიის შემადგენლობაში არიან პარლამენტის წევრები, როგორც უმრავლესობის, ასევე ოპოზიციის. ვინაიდან შედგა კონსულტაციები ოპოზიციასთან, ამ კონსულტაციების შედეგად გადავწყვიტეთ, რომ არსებულ სიას დაემატოს ასევე არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, ასევე რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი. უფრო კონკრეტულად, სახელები და გვარები დღეს გახდება ცნობილი მას შემდეგ, რაც ბიუროზე მოხდება ამ საკითხზე მსჯელობა“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.
საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ მას შემდგომ, რაც შეიქმნება საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია, მას ექნება მინიმუმ ერთთვიანი ვადა, რათა კომისიის წევრებმა მოსახლეობას გააცნონ საკონსტიტუციო ცვლილებების არსი. შეხვედრები საქართველოს სულ მცირე 10 სხვადასხვა ქალაქში გაიმართება.
საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებით მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია 3 სექტემბრის პლენარულ სხდომაზე შეიქმნება.
საკონსტიტუციო ცვლილებები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითვალისწინებს. მმართველი გუნდის პროექტი 2020 წლის არჩევნები ნულოვანი ბარიერის პირობით ჩატარებას ითვალისწინებს. ოპოზიციისა და 200 000 მოქალაქის ხელმოწერით წარდგენილ ცვლილებაში კი დაშვებულია სამპროცენტიანი ბარიერი და საარჩევნო ბლოკები. ქვეყნის უზენაეს კანონში ცვლილებები საშემოდგომო სესიაზე დამტკიცდება.