საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიას შალვა პაპუაშვილი უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, საარჩევნო ბარიერის ხუთიდან სამ პროცენტამდე შემცირების მიზნით, მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებები უკვე ინიცირებულია.
„დღეს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დაამტკიცა, რომლის თავმჯდომარეც მე ვიქნები. იცით, რომ საარჩევნო ბარიერი ამ ფორმატში განსახილველი საკითხია და იცით, რომ სამპროცენტიანი ბარიერი არის ინიცირებული. რა თქმა უნდა, ოპოზიციის გარეშე საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შეუძლებელია, მაგრამ დღეს 150 დეპუტატი ფორმალურად არის წევრი, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ რაღაც მომენტში შემოგვიერთდებიან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საქართველოს პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისია დღეს დაამტკიცა. კომისიის წევრები იქნებიან ალეკო ელისაშვილი, კახა კუჭავა, დავით ზილფიმიანი, შალვა პაპუაშვილი და ლევან იოსელიანი.
აღნიშნული კომისია ქვეყნის მასშტაბით ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მოსახლეობას გააცნობს.
საუბარია იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე, რომელთა გათვალისწინებით, საარჩევნო ბარიერი 5-დან 3 პროცენტამდე მცირდება. იცვლება ფრაქციის დაკომპლექტების წესი. კერძოდ, ფრაქციის შექმნისთვის შვიდი დეპუტატის ნაცვლად, ოთხი იქნება საჭირო.