საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეს თბილისში დასრულდება
საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო განხილვა დღეს თბილისში დასრულდება

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს თბილისში დასრულდება. კონსტიტუციაში ცვლილებების შესახებ ინფორმაციას მოქალაქეებს ხელისუფლების, ოპოზიციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიაწვდიან.

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, გურამ მაჭარაშვილის განმარტებით, საყოველთაო განხილვების შემდეგ პროცესი კვლავ პარლამენტში დაბრუნდება. საკონსტიტუციო ცვლილებებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტი განიხილავს, რის შემდეგაც ქვეყნის უზენაეს კანონში შესატან ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე ეყრება კენჭი.

„პოლიტიკურ სპექტრს ვაძლევთ საშუალებას, საზოგადოებაში გავიდნენ, დაამტკიცონ თავიანთი პლატფორმა, თავიანთი ხედვები; დაუმტკიცონ ხალხს, რომ ისინი არიან ღირსები, შევიდნენ პარლამენტში და მხარდაჭერის შემთხვევაში, მათ აქვთ ამის საშუალება“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

განსახილველად ცვლილების ორი პროექტია გამოტანილი. ერთი მმართველი პარტიის დეპუტატების მიერ არის ინიცირებული, ხოლო მეორე – საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელმაც საქართველოს 300 000 მოქალაქის ხელმოწერა შეაგროვა.

საპარლამენტო უმრავლესობის მიერ მომზადებული ცვლილებები 2020 წელს საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას პროპორციული სისტემით ნულოვანი ბარიერის პირობებში ითვალისწინებს. ოპოზიციური პარტიების ნაწილი კი არ ეთანხმება არჩევნების ბარიერის გარეშე ჩატარებას. თუმცა, მიუხედავად ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია კანონპროექტს მხარს მაინც დაუჭერს.

„მხოლოდ საზოგადოების ზემოქმედება თუ დაათმობინებდა ამ ხელისუფლებას რაიმე კარგს, და ეს იყო საზოგადოების ზემოქმედების შედეგი, როდესაც გენერალური პროკურორი გადადგა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა და სწორედ ამ ბრძოლის შედეგია პროპორციული სისტემის ამოქმედება 2020 წლისთვის. სჯობდა გარკვეული ბარიერები, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის კარგი პროცესი და დავუჭერთ მხარს – იქნება ბარიერით თუ უბარიეროდ“, – განაცხადა ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძემ.

კიდევ ერთი შეუთანხმებელი საკითხი საარჩევნო ბლოკებს ეხება. მმართველი გუნდის პროექტი წინასაარჩევნოდ ერთჯერადად ბლოკების შექმნას არ უშვებს.

„სამსამპუნქტიანი წინადადებიდან ვთანხმდებით ორზე. ეს არის პროპორციული სისტემა და ბარიერის თემა, მაგრამ ბლოკების საკითხი კვლავ ღიადაა დარჩენილი. არის განსხვავებული მოსაზრებები“, – განაცხადა პარტია „ახალი მემარჯვენეების“ თავმჯდომარე მამუკა კაციტაძემ.

მიუხედავად აზრთა სხვადასხვაობისა, საკონსტიტუციო ცვლილებებს სრული ოპოზიციური სპექტრის მხარდაჭერა აქვს. არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი, „გაერთიანებული დემოკრატების“ წევრი გიორგი ახვლედიანი პროცესს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უზარმაზარი გამარჯვებაა.

„პროცესი მიმდინარეობდა ერთმნიშვნელოვნად კონსტრუქციულ რეჟიმში, ძალიან მაღალი პოლიტიკური კონსენსუსით, რადგან პირველად მოხდა საქართველოს ისტორიაში ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უმნიშვნელოვანეს საკონსტიტუციო კონტექსტზე შეთანხმება. მცირედი განსხვავებების მიუხედავად, რა თქმა უნდა, პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა უზარმაზარი გამარჯვებაა“, – განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.