სახვითი ხელოვნების მუზეუმში გოგი მიქელაძის ნამუშევრების სოლო გამოფენა 20 ივნისს გაიხსნება
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართველი თანამედროვე ხელოვანის – გოგი მიქელაძის ნამუშევრების სოლო გამოფენას უმასპინძლებს.
მუზეუმის დროებითი გამოფენების დარბაზში მხატვრის მიერ სხვადასხვა პერიოდში შესრულებული ობიექტების, ესკიზების, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების ნახვა დამთვალიერებელს 20 ივნისიდან 28 ივნისამდე შეეძლება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მომავალი მხატვრული ფილმის „სად მიდის ლიზა“ (რეჟისორი ნანა ჯანელიძე, დამდგმელი მხატვარი და ანიმაციის მხატვარი – გოგი მიქელაძე) ესკიზები. ფილმი ქართულ-აფხაზური ომის ისტორიას ეხება და მასზე მუშაობა მიმდინარეობს.
გოგი მიქელაძე 1946 წელს თბილისში დაიბადა. 1971 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფერწერის ფაკულტეტი.
მხატვარი ადრეული პერიოდიდან იჩენს ინტერესს მოცულობითი კომპოზიციების მიმართ, იყენებს სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთს, სარკეს, ლინზას. ამრეკლავი ზედაპირების გამოყენებით, ობიექტები განსხვავებულ დატვირთვას იძენს და დამთვალიერებელი ახალ რეალობაში გადაჰყავს.
გოგი მიქელაძე 1970 წლიდან მონაწილეობს გამოფენებში, საქართველოსა და პოლონეთში, ასევე რუსეთში, ავსტრიაში, შვეიცარიაში, გერმანიაში. 2000 წელს ქართველ ნონკონფორმისტთა გამოფენაში მიიღო მონაწილეობა, ნიუ ჯერსიში, აშშ. მხატვრის პირველი პერსონალური გამოფენა ბერლინში გაიმართა, 1995 წელს, 1999 წელს – პენსილვანიის შტატში, აშშ. თბილისში მხატვრის ნამუშევრები გამოიფინა გალერეა „კოპალაში“ (2004) , მხატვრის სახლში (2005), გალერეა „ვერნისაჟში“ (2005), გალერეა „შარდენში“ (2010).
1970 წლიდან გოგი მიქელაძე კინოსტუდია ,,ქართული ფილმის“ დამდგმელი მხატვარია.
ის არის დამდგმელი მხატვარი შემდეგი ფილმების: „ცხელი ზაფხულის სამი დღე“ (1980, რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი), „დღეს ღამე უთენებია“ (1982, რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე), „მონანიება“ (1984, რეჟისორი: თენგიზ აბულაძე), „ორომტრიალი“ (1986, რეჟისორი: ლანა ღოღობერიძე), „ოტელო“ (2003, რეჟისორი: მერაბ კოკოჩაშვილი), „საშობაო საჩუქარი“ (2004, რეჟისორი: ნანა ჯანელიძე), „სავარძელი“ (2017, რეჟისორი: ელდარ შენგელაია); და სპექტაკლების – „საჩუქარი“ (2005) და „ერთხელ მხოლოდ ისიც ძილში“ (1986). მიღებული აქვს კინოაკადემიის ჯილდო ,,ნიკა“ (1987). ასევე, სახელმწიფო პრემიები ფილმებისთვის: „ეი, მაესტრო“ (რეჟისორი: ნოდარ მანაგაძე), „დედაო ღვთისა“ (რეჟისორი: მიხო ბორაშვილი) და „გზა მაცხოვრისა“ (რეჟისორი: მიხო ბორაშვილი).