საქართველოს სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში საველე კარვები დამონტაჟდა [ვიდეო]
საქართველოს მასშტაბით, სახმელეთო სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებსა და სამივე აეროპორტში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საველე კარვები დამონტაჟდა, სადაც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები სპეციალურ დაწესებულებაში გადაყვანამდე განთავსდებიან, – ამის შესახებ განცხადებას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კარვები საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით დაამონტაჟეს.
„ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრები თერმოსკრინინგისა თუ სხვა შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, მოსაცდელი დარბაზის ნაცვლად, ნახევრად თერმულ, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის კარვებში განთავსდებიან. კარავში მუდმივად იმორიგევებს სამედიცინო პერსონალი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრების მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, ქვეყანაში კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის მიზნით, სასაზღვრო გამტარ პუნქტებში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მაღალი რისკის ზონებად განსაზღვრული ქვეყნებიდან შემოსული მგზავრების შემოწმებას 24 საათის განმავლობაში ახდენენ“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
ამასთან, უწყების ინფორმაციით, მგზავრის გადაადგილების შესახებ წინასწარი ინფორმაციისა და მონაცემების დამუშავების გარდა, მესაზღვრეების მიერ, მოგზაურობის ისტორიიდან გამომდინარე, ადგილზე ხდება მოქალაქის გადამოწმება და პირველადი რისკის განსაზღვრა. დამატებითი რეაგირების მიზნით, რისკის მატარებელი მგზავრის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება ადგილზე მყოფ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტისა და საგანგებო სამსახურის წარმომადგენლებს.