გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საქართველოს მასშტაბით 154 სახერხი საამქრო შეამოწმეს. შემოწმების შედეგად სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 79 ფაქტი გამოვლინდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, დარღვევის 24 ფაქტი აჭარის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე დაფიქსირდა, ოთხი – კახეთში, შვიდი – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 15 ფაქტი – სამცხე-ჯავახეთის სამოქმედო ტერიტორიაზე, აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე -13, ქვემო ქართლში – ორი, ხოლო ერთი – თბილისში.
ამასთან, დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ანგარიშგების წესების ორი და ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 13 ფაქტი გამოავლინეს.
აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე, ამოღებულია ლენტური და ცირკული ტიპის ექვსი ერთეული არარეგისტრირებული სახერხი დანადგარი. სამეგრელო-ზემო სვანეთის, ქვემო ქართლისა და დასავლეთის რეგიონული სამმართველოების თანამშრომლებმა 5-5 უკანონო სახერხი გამოავლინეს, სამი სახერხი დაილუქა კახეთში, სამი – სამცხე-ჯავახეთში, ხოლო აჭარაში ერთი დაურეგისტრირებელი სახერხი საამქრო გამოვლინდა.
ჯამში, ამოღებულია 10 მ3-მდე უკანონო, პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ფიცარი, 52 ერთეული წიფლისა და ხუთი ერთეული მურყანის სახეობის უკანონოდ მოპოვებული ხე-ტყე (მრგვალი მორი), ხოლო სახერხი დანადგარები დალუქულია.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული სახის დარღვევებზე გამკაცრებული სანქციების პარალელურად, აქტიური მუშაობა გრძელდება მსგავსი ფაქტების გამოსავლენად და აღსაკვეთად, ვინაიდან, უკანონო სახერხი საამქროების ფუნქციონირება ხელს უწყობს ხე-ტყით უკანონო სარგებლობას და არაერთ კანონსაწინააღმდეგო ქმედებასთან არის დაკავშირებული.