სახელოვნებო-შემოქმედებით სასწავლებლებში პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ერთნაირი პირობები განისაზღვრება
სახელოვნებო-შემოქმედებით სასწავლებლებში სხვადასხვა დარგის მიმართულებით პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად ერთნაირი პირობები განისაზღვრება.
შესაბამისი ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორია საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია.
კანონის დღეს მოქმედი რედაქცია სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირის არჩევის წესს განსხვავებულად ადგენს.
კერძოდ, დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულებით შეიძლება აირჩეს არანაკლებ ოთხი წლის ვადით, რომელიც თეორიული დარგების მიმართულებით დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირზე არ ვრცელდება.
ნუკრი ქანთარია მიიჩნევს, რომ ვინაიდან ერთი და იმავე სასწავლებლის სხვადასხვა პროგრამაში და სახელოვნებო და არასახელოვნებო დარგებში დასაქმებული პირები არათანაბარ პირობებში არიან, მიზანშეწონილია, არსებული რედაქცია შეიცვალოს და ერთიანი პირობები განისაზღვროს.
რაც შეეხება ცვლილებებს, კანონპროექტით, წესდებით განსაზღვრული ვადით, სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შეიძლება აირჩეს – დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ რვა წლის გამოცდილება აქვს და რომელიც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს აკმაყოფილებს.
ამასთან, პროექტით, სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის თანამდებობაზე არჩეულმა პირმა, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით, შეიძლება პროფესორის თანამდებობა დაიკავოს უვადოდ, თუ წესდებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებს.