სახელმწიფოს შესაძლებელობა ექნება, ვენჩერული კაპიტალის ფონდებში დასაბანდებლად საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მობილიზებული სახსრები გამოიყენოს
სახელმწიფოს შესაძლებელობა ექნება, ვენჩერული კაპიტალის ფონდებში დასაბანდებლად საქართველოს საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში მობილიზებული სახსრები გამოიყენოს

სახელმწიფო ორგანოებს ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, შესაძლებლობა ექნებათ, „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით განსაზღვრულ საინვესტიციო ფონდებში ინვესტირებით მონაწილეობა მიიღონ.

აღნიშნული ცვლილებები საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა დავით სონღულაშვილმა, ეკა სეფაშვილმა, ბეჟან წაქაძემ, ირმა ზავრადაშვილმა, რამინა ბერაძემ, ნინო წილოსანმა და გოჩა ენუქიძემ მოამზადეს.

მათი განმარტებით, დღეს მოქმედი ნორმით, სახელმწიფო ორგანოებს ან სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილ საწარმოებს, სადაც სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობა 50%-ს აღემატება, ეკრძალებათ ფინანსურ ინსტიტუტებში წილის ფლობა და ფინანსურ ინსტიტუტად კი ასევე ითვლება „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონით განსაზღვრული საინვესტიციო ფონდები.

დეპუტატების ცნობით, ცვლილებით შენარჩუნებული იქნება ზოგადი აკრძალვა სახელმწიფოს მონაწილეობაზე ფინანსურ ინსტიტუტებში, თუმცა საინვესტიციო ფონდების ბაზრის განვითარების მისაღწევად გაკეთდება გამონაკლისი, რომელიც სახელმწიფოს მისცემს უფლებას წილობრივი მონაწილეობა მიიღოს საინვესტიციო ფონდებში. მათი ინფორმაციით, ცვლილებების შემოთავაზებული ვერსია შეთანხმებულია საქართველოს ეროვნულ ბანკთან, საინვესტიციო ფონდების ზედამხედველთან და გათვალისწინებული იქნება ისეთი მექანიზმი, რომლის მიხედვითაც საინვესტიციო ფონდებში სახელმწიფოს მონაწილეობა მთავრობასთან შეთანხმების საგანი გახდება.

„აღნიშნული საჭიროება იკვეთება იმ გარემოებით, რომ გასული წლების მანძილზე საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და „აწარმოე საქართველოს“ მიერ დაფინანსებული და წარმატებული კომპანიები, მათი შემდგომი განვითარებისათვის საჭიროებენ დამატებით კაპიტალსა და მხარდაჭერას. ვენჩერული და კერძო კაპიტალის ფონდები ზუსტად ამ გამოწვევას პასუხობენ. გარდა ამ თანხვედრისა, აღნიშნული პირდაპირ უწყობს ხელს არასაბანკო საფინანსო სექტორის განვითარებას, კაპიტალის ბაზრისა და საინვესტიციო ფონდების განვითარებას. ხოლო მაკრო ჭრილში საქართველოს ეკონომიკას ხდის უფრო მდგრადს და ნაკლებად დამოკიდებულს სისტემურ ბანკებზე. ამ ეტაპისთვის, სახელმწიფოს მხრიდან მიმდინარეობს საფინანსო სექტორის ამ მიმართულების განვითარებისათვის მოლაპარაკებები ისეთ საერთაშორისო განვითარების პარტნიორებთან როგორებიც არიან ADB, IFC, World Bank, EBRD, FMO, EIF, DFC (former OPIC) და მათთან ერთად ამ მიმართულების განვითარებისათვის რიგი ღონისძიებები იგეგმება. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, იმისათვის, რომ დროულად მოხდეს ბაზრის განვითარებისთვის გასატარებელი ღონისძიებები, აუცილებელია კანონპროექტის მიღება“, – განმარტავენ დეპუტატები.