სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით მოლდოვაში ორი ოფიციალური პირი დააკავეს, რუსეთის საელჩოს თანამშრომელი კი ქვეყნიდან გააძევეს
მოლდოვის პარლამენტში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევეს, ორი ადამიანი კი სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით დააკავეს.
მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი დაიბარეს და უთხრეს, რომ რუსეთის საელჩოს ერთ-ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება გატარებული ზომების შედეგად იქნა მიღებული, რამაც შესაძლებელი გახადა ინფორმაციისა და მტკიცებულებების შეგროვება იმის შესახებ, რომ რუსი დიპლომატი მოლდოვის ტერიტორიაზე ახორციელებდა დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელ ქმედებებს.
მანამდე მოლდოვის პროკურატურამ ორი ადამიანის დაკავების შესახებ განაცხადა.
პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდებულები დანაშაულს 2023 წლიდან ჩადიოდნენ. ერთ-ერთი დაკავებული ეჭვმიტანილია სამშობლოს ღალატში მას შემდეგ, რაც, სავარაუდოდ, შეაგროვა და საელჩოს თანამშრომელს გადასცა ინფორმაცია, რომელიც გამოიყენებოდა „მოლდოვის ინტერესების საზიანოდ“.
მეორე ოფიციალური პირი ეჭვმიტანილია მოლდოვის წინააღმდეგ შეთქმულებასა და პირადი სარგებლობისთვის ქმედებებში. ის ასევე „ინარჩუნებდა კონტაქტს საელჩოს თანამშრომელთან, რათა შეეგროვებინა და გადაეცა მისთვის ინფორმაცია მოლდოვის რესპუბლიკის ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოსაყენებლად“.
გავრცელებული ცნობით, ერთ-ერთი დაკავებული მოლდოვის პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იონ კრიანგეა. სავარაუდოდ, ის დააკავეს კიშინეუში რუსეთის საელჩოს თანამშრომლებისთვის ინფორმაციის გადაცემის დროს.
მოლდოვაში რუსეთის ელჩი ოლეგ ვასნეცოვი აცხადებს, რომ მოლდოვის ხელისუფლება არამეგობრულ ქმედებებს ახორციელებს, რასაც რუსეთის პასუხი მოჰყვება.