სახელმწიფო ზრუნვისა და დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სააგენტოსა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ჯანდაცვის სამინიტროს ინფორმაციით, თანამშრომლობის მიზანია, მარტოხელა დედების, ძალადობის მსხვერპლი პირების, ასევე, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი და სახელმწიფო ზრუნვიდან გამოსული პირების პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით შრომის ბაზარზე მათი დასაქმების ხელშეწყობა.
მათივე ინფორმაციით, მემორანდუმის ფარგლებში გათვალისწინებულია „ზრუნვის სააგენტოს“ ბენეფიციართათვის პროფესიული კონსულტაციისა და კარიერის დაგეგმვის მომსახურებების მიწოდება მუნიციპალურ დონეზე, ბენეფიციართა საკვანძო კომპეტენციების განვითარება, პროფესიული მომზადება, პროფესიული გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ამ გზით მათი დასაქმების ხელშეწყობა, რაც ხელს შეუწყობს მათ სოციალიზაციას და რეაბილიტაციას საზოგადოებაში.
თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოაწერეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დირექტორმა მერი მაღლაფერიძემ და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს დირექტორმა ნინო ველთაურმა.