სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო - ზუგდიდში, ხანძრის დროს დაღუპული არასრულწლოვნები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ, 2023 წლის აპრილიდან ისინი ოჯახში, დედასთან ერთად იზრდებოდნენ
სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო ზუგდიდში ხანძრის დროს არასრულწლოვნების დაღუპვის გამო მწუხარებას გამოხატავს.
ამავდროულად, სააგენტო განმარტავს, რომ ტრაგედიის მსხვერპლი ბავშვები სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ არ იმყოფებოდნენ.
„2023 წლის პირველი აპრილიდან ისინი ოჯახში, დედასთან იზრდებოდნენ. მანამდე, 2018 წლიდან, სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოჯახიდან იყვნენ განცალკევებულნი. რეინტეგრაცია ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, მათი აზრისა და ბიოლოგიურ ოჯახში აღზრდის უზრუნველყოფის მიზნით განხორციელდა“, – აცხადებენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
ამასთან, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს განცხადებით, სააგენტო ოჯახს მაქსიმალურად ეხმარებოდა არსებული პროგრამების ფარგლებში, სააგენტოს სოციალური მუშაკი კანონით განსაზღვრულ ვადებში პერმანენტულად ახორციელებდა ოჯახში ვიზიტებს.
„ოჯახი ირიცხება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და იღებს სოციალურ შემწეობას. ასევე, 2023 წლის აპრილიდან არასრულწლოვანებს დამატებით დაენიშნათ რეინტეგრაციის ანაზღაურება. აღნიშნული გასაცემელი ყოველთვიურად შეადგენდა 1 500 ლარს. ოჯახმა 2023-2024 წლებში ისარგებლა კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი ოჯახის გადაუდებელი დახმარების პროგრამით. არასრულწლოვანები ჩართულნი იყვნენ ადრეული განვითარების ქვეპროგრამაში“, – აღნიშნავენ სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოში.
ზუგდიდში, ბუკიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულზე ხანძარს ორი მცირეწლოვანი ემსხვერპლა.