სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული სერვისი ამოქმედდა
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული სერვისი ამოქმედდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული სერვისი ამოქმედდა. სერვისი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალიზაციას შეუწყობს ხელს და მათი საჭიროებები სრულად იქნება დაკმაყოფილებული.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით, სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მუდმივ ზრუნვას და სამედიცინო მომსახურებას საჭიროებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი სერვისის არსებობა.

„სამედიცინო-სოციალური სახლი“, სადაც აღნიშნული სერვისი ხორციელდება, აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით და ბავშვებს მომსახურებას სპეციალურად გადამზადებული პერსონალი აწვდის. სერვისის დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. „ბავშვთა სოციალურ და სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული ხანგრძლივი მოვლის სერვისის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სპეციალიზებული სერვისის არსებობა, რომელიც ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს მოიცავს და სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. „სამედიცინო-სოციალური სახლი“ აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარითა და ავეჯით, მომსახურე პერსონალი კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის გადამზადებული“, – განაცხადა თამილა ბარკალაიამ.

პროექტის – „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ ფარგლებში პედიატრიულ კლინიკას 150 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობაც გადაეცა. სპეციალიზებული სერვისი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში მოეწყო. სამედიცინო ინვენტარის გადაცემისა და სერვისის გახსნის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე ესწრებოდნენ.

პროექტი სამინისტროს ინიციატივით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და ზრუნვის სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა. პროექტის დასრულებით სახელმწიფომ დაასრულა შშმ ბავშვთა დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.