სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი საქართველოში ბრიტანეთის ელჩს შეხვდა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს ელჩთან, ჯასტინ მაკენზი სმიტთან შეხვედრა გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე.
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის უსაფრთხოების სფეროში არსებული თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. გრიგოლ ლილუაშვილმა და ჯასტინ მაკენზი სმიტმა მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე პროცესები მიმოიხილეს.
სუს-ის ინფორმაციით, საუბარი შეეხო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და დიდი ბრიტანეთის შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის არსებული თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობასა და მომავალ გეგმებს.