ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ტერორიზმის შესახებ 2018 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. ყოველწლიურ ანგარიშში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან ერთად, შეფასებულია საქართველოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის წამყვანი უწყება ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების საკითხში და ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და მომზადებული.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს ზოგადად შესწევს უნარი გამოავლინოს, შეაკავოს და რეაგირება მოახდინოს ტერორიზმის შემთხვევებზე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს საქართველო, როგორც „ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის“ დიდი ხნის წევრი, განაგრძობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთელ რიგ საკითხებზე.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე, როგორც ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების კუთხით საქართველოს წამყვან უწყებაზე დაყრდნობით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს შემცირდა „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერ საქართველოს მოქალაქეთა რიცხვი. ასევე ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შეფასებით, სირიაში ან ერაყში იმყოფება ტერორისტული დაჯგუფებების მხარდამჭერი დაახლოებით 14 საქართველოს მოქალაქე.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ კონტრტერორისტული კანონმდებლობის განმტკიცებისკენ მიმართული მთელი რიგი საკანონმდებლო ცვლილების განხორციელებასთან ერთად, ტერორიზმის გამოწვევებზე საპასუხოდ ერთიანი სახელისუფლებო მიდგომის აუცილებლობიდან გამომდინარე, 2018 წლის სექტემბერში, საქართველომ შექმნა უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული კონტრტერორისტული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მათი შესრულების მონიტორინგზე პასუხისმგებელ უწყებათაშორის ჯგუფს.
სუს-ის ცნობითვე, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ იქნა, სისხლის სამართლებრივი დევნა განხორციელდა, და სასჯელი შეეფარდა რამდენიმე პირს, 2017 წელს ქ. თბილისში ჩატარებული კონტრტერორისტული ოპერაციისას „ისლამური სახელმწიფოს“ ლიკვიდირებული წევრის, ახმედ ჩატაევის მხარდაჭერისთვის. დოკუმენტის მიხედვით, ქ. თბილისსა და პანკისის ხეობაში სუს-ის ხელმძღვანელობით ჩატარებული ოპერაციების შედეგად, მოხდა რვა პირის დაკავება, რვავე მათგანი დამნაშავედ იქნა ცნობილი ტერორიზმის ბრალდებებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა, აგრეთვე, გამოიძია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების სამი საქმე, ტერორიზმისკენ საჯარო მოწოდების და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ერთი საქმე, ასევე, ტერორისტული აქტის მომზადების ორი საქმე.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი განაგრძობს ტრენინგებში რეგულარულ მონაწილეობას და აღჭურვას. ასევე, საუბარია 2018 წელს საქართველოში ჩატარებულ სწავლებებზე, რომლებიც მიზნად ისახავდა იმ უწყებათაშორის ურთიერთქმედებისა და თანამშრომლობის გაძლიერებას, რომელთა მანდატიც დაკავშირებულია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წელს საქართველოში ტერორისტული ინციდენტები არ მომხდარა.
ანგარიშის ნაწილში „კანონმდებლობა, სამართალდაცვითი სფერო და საზღვრის უსაფრთხოება“ ნათქვამია, რომ 2018 წელს საქართველომ განაგრძო კონტრტერორისტული კანონმდებლობის გაძლიერება სისხლის სამართლის ნორმებში ცვლილებების შეტანით, რითაც ხელისუფლების წარმომადგენლებს მიენიჭათ მეტი უფლებამოსილება, უცხო ქვეყნის იურისდიქციასთან დაკავშირებულ საქმეებთან მიმართებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ახალი ცვლილებების თანახმად, გამომძიებლებს და პროკურორებს უფლება აქვთ, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით დისტანციურად გამოკითხონ მოწმეები ან უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული პირები, მოიპოვონ უცხო ქვეყნის იურისდიქციის კონტროლის ქვეშ არსებული კომპიუტერული მონაცემები და აწარმოონ გამოძიება და ექსპერტიზა უცხო ქვეყნის იურისდიქციის ფარგლებში, ამ უკანასკნელის თანხმობით.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს საქართველოს მთავრობამ გადადგა ნაბიჯები სასაზღვრო, საზღვაო და საავიაციო უსაფრთხოების გაძლიერების მიმართულებით, საკანონმდებლო ბაზისა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების გზით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ აპრილში, საქართველოს მთავრობამ გამოსცა №174 დადგენილება, რაც ითვალისწინებს იმ სამართლებრივი პროცედურების გაძლიერებას, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს მგზავრის წინასწარი მონაცემებისა და მგზავრის სახელის ჩანაწერის სისტემების განვითარებასთან, გაერო-ს უშიშროების საბჭოს 2396 რეზოლუციის შესაბამისად. ასევე, მაისში, საქართველომ მოახდინა ინტერპოლის მონაცემთა ბაზების ინტეგრირება ეროვნულ სასაზღვრო მონაცემთა ბაზებში.
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ 2018 წლის განმავლობაში საქართველომ გააუმჯობესა ინფრასტრუქტურა სომხეთისა და თურქეთის საზღვრებთან არსებულ ოთხ სახმელეთო სასაზღვრო სექტორზე. საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ სათვალთვალო და მონიტორინგის სისტემები დაამონტაჟა სომხეთის საზღვართან არსებულ სამ სახმელეთო სასაზღვრო სექტორზე. დოკუმენტში ნათქვამია, რომ ოქტომბერში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სანაპირო დაცვას „აილენდის“ კლასის ორი საპატრულო ხომალდი გადასცა. ასევე, საქართველოს მთავრობამ ერთობლივი საზღვაო ოპერაციების მართვის ცენტრის ახალი დებულება დაამტკიცა, რითაც განახლდა ინფორმაციის გაცვლის წესები და პროცედურები. ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ჩაატარა ხარისხის კონტროლის 23 ღონისძიება, მათ შორის საინსპექციო შემოწმებები, აუდიტები და ფარული შემოწმებები.
ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის ნაწილში, ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო არის ფინანსურ ქმედებათა სპეციალური ჯგუფის (FATF) მსგავსი რეგიონული ორგანოს – ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) წევრი. საქართველოს საფინანსო სადაზვერვო დანაყოფი – ფინანსური მონიტორინგის სამსახური (FMS) წარმოადგენს ეგმონტის ჯგუფის (Egmont Group) წევრს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს, ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა მოამზადა და მთავრობას შესათანხმებლად წარუდგინა ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ ახალი კანონპროექტი. გარდა ამისა, 2018 წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესრულების საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისმა კომისიამ, ასევე, წარადგინა 15 შუამდგომლობა 130 ფიზიკური და 30 იურიდიული პირის ქონებაზე ყადაღის დადების და ერთი ფიზიკური და 19 იურიდიული პირის ქონებიდან ყადაღის მოხსნის მოთხოვნით. ამასთან, კომისიამ განახორციელა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციის იმპლემენტაცია, რაც დაკავშირებული იყო იმ ფიზიკური და იურიდიული პირების ქონების დაყადაღებასთან, გადაადგილების აკრძალვასა და იარაღზე ემბარგოს დაწესებასთან, რომელთა მიმართ არსებობს ტერორიზმში ჩართულობის ვარაუდი.
ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით დოკუმენტში ნათქვამია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება ტერორიზმის დაფინანსების ორ საქმეზე. ასევე, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განახორციელა 25 ფინანსური ინსტიტუტის ადგილზე ინსპექტირება, ფულის გათეთრებასა და ტერორიზმის დაფინანსებასთან დაკავშირებული რისკების მართვის პროცესების ეფექტურობის შეფასების მიზნით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველომ ასევე ჩაატარა ტრენინგები, სემინარები და სამუშაო შეხვედრები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, რომლებშიც ჩართული იყო საქართველოს სამთავრობო სექტორის 120-მდე მონაწილე.
ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2018 წელს, საქართველოს მთავრობა განაგრძობდა ძალისხმევას ძალადობრივ ექსტრემიზმთან ბრძოლის კუთხით, მოწყვლად მოსახლეობასთან მიმართებით საგანმანათლებლო, სამოქალაქო და პოლიტიკური ჩართულობის, მედიისა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის, გენდერული საკითხების, უმცირესობათა კულტურისა და იდენტობის შენარჩუნების, მართლმსაჯულებისა და სამართალდაცვითი ღონისძიებების, და სოციალურ და რეგიონალურ ინტეგრაციაზე მიმართულ ინიციატივებზე ორიენტირებით.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობით, საქართველომ განახორციელა „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების სარეკომენდაციო ჩარჩოს“ პროექტი, რომელიც, მათ შორის, მიზნად ისახავს სკოლებში რადიკალიზაციისა და ტერორიზმის პრევენციას. საქართველომ, ასევე, გამართა რიგი ტრეინინგები და კონფერენციები ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, რელიგიური შემწყნარებლობის და ასევე, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ხელშეწყობის მიზნით.
დოკუმენტის მიხედვით, 2018 წელს, საქართველოს მიერ შემუშავებულ იქნა რამდენიმე ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მოწყვლად თემებში ტერორისტული რადიკალიზაციის ძირითად, შესაძლო გამომწვევ ფაქტორებთან გამკლავებას, მათ შორისაა მცირე გრანტების პროგრამების განხორციელება, რომლის ფარგლებშიც საქართველომ 2018 წელს შვიდი გრანტი გასცა პანკისის ხეობაში. საქართველომ, ასევე, მიიღო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული მიზნობრივი ტრენინგები, რომლებიც ჩატარდა იუსტიციის დეპარტამენტის მიერ ძალადობრივი ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის ეფექტური სამართალდაცვითი ტექნიკის, სისხლისსამართლებრივი დევნის სტრატეგიების, საზოგადოებაზე ორიენტირებული პროგრამების უპირატესობების, ციფრული გამოძიებისა და ანალიზის, ეფექტური ელექტრონული და სხვა ფარული თვალთვალის ტექნიკის, „ალ-ქაიდას“, „ისლამური სახელმწიფოს“, „ისლამური სახელმწიფო-იემენის“ ან არაბეთის ნახევარკუნძულზე „ალ-ქაიდას“ პროპაგანდის მხრიდან მომავალი საფრთხეების, უცხოელი ტერორისტი მებრძოლების, საბრძოლო მოქმედებების ადგილზე მოპოვებული მტკიცებულებების და „ისლამური სახელმწიფოს“ დაბრუნებული მებრძოლების თაობაზე.
საერთაშორისო და რეგიონალური თანამშრომლობის კუთხით, დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში საერთაშორისო, რეგიონალურ და ორმხრივ დონეზე. ასევე, ნათქვამია, რომ საქართველო, მჭიდროდ თანამშრომლობს ნატო-სთან, ევროპის საბჭოსთან, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციასთან და დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის და მოლდოვას ორგანიზაციასთან – სუამ-თან.
ანგარიშში ნათქვამია, რომ 2018 წელს, საქართველომ ევროპოლთან ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს უსაფრთხო კომუნიკაციის არხის თაობაზე, და მარტში – მეკავშირეობის შესახებ შეთანხმებას, რაც ევროპოლის უსაფრთხო კომუნიკაციის არხების გამოყენების შესაძლებლობას ქმნის. დოკუმენტის მიხედვით, 23 ქვეყანასა და ევროკავშირთან უკვე არსებულ შეთანხმებებზე დამატებით, საქართველომ საიდუმლო ინფორმაციის გაცვლისა და ორმხრივად დაცვის შესახებ შეთანხმებები, ასევე, გააფორმა ალბანეთთან, მოლდოვასა და იტალიასთან, ხოლო გერმანიასა და ბელარუსთან დადებული აქვს მსგავსი შეთანხმებები.
ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.