სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - 2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით
2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რადგან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ღიად უჭერს მხარს, – ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის ანგარიშშია ნათქვამი, რომელიც პარლამენტს უკვე წარედგინა.
„რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ფაქტობრივი ანექსიის კონტექსტში ხაზგასასმელია 2020 წლის 12 ნოემბერს რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ე.წ. ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის „დამტკიცება“. ე.წ. პროგრამა ფინანსურ, ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებში, ე.წ. სამართლებრივი ბაზის „ჰარმონიზაციას“ ითვალისწინებს. ამასთან, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისთვის ე.წ. აფხაზეთის მოქალაქეობის „მინიჭებისა“ და მათზე უძრავი ქონების, მათ შორის, ე.წ. სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების „გასხვისების“ შესაძლებლობას აჩენს.
პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაღალი ალბათობით, რუსეთის ფედერაციამ ზემოხსენებულ ე.წ. დოკუმენტზე ხელმოწერისთვის ოკუპირებულ რეგიონზე ზეწოლა ფინანსური დახმარების საკითხის გამოყენებით განახორციელა.
გასათვალისწინებელია, რომ საანგარიშო პერიოდში რუსეთის ფედერაციის მიერ კიდევ ერთხელ გააქტიურდა ოკუპირებული აფხაზეთის სიღრმეში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვართან მდებარე ოკუპირებული გაგრის რაიონის სოფელ აიბღას „რუსეთისთვის მიკუთვნების“ საკითხი, რაც ასევე ანექსიისკენ მიმართული პოლიტიკის ნაწილია.
2020 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან გამოწვევად დარჩა ანექსიის პირდაპირი საფრთხე ოკუპირებული ცხინვალის მიმართულებით, რადგან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში შესვლის საკითხს ღიად უჭერს მხარს.
ამ მიმართულებით გადადგმულ მორიგ ნაბიჯს წარმოადგენს ოკუპირებულ ცხინვალსა და რუსეთის ფედერაციას შორის ე.წ. საბაჟო პროცედურების გამარტივება. 2020 წლის დეკემბერში, რუსეთ-საქართველოს საზღვრის როკის მონაკვეთზე ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საბაჟო პუნქტი გაუქმდა და „შესაბამისი პროცედურები“ ერთობლივად ხორციელდება მხოლოდ რუსეთში, „ქვემო ზარამაგზე“. აღნიშნული მიზნად ისახავს ე.წ. სტრუქტურების ეტაპობრივ გაუქმებას და მათ რუსულ უწყებებში ინტეგრირებას“, – ნათქვამია სუს-ის 2020 წლის ანგარიშში.