სახელმწიფო სპეციალური აპლიკაციით შეამოწმებს, რამდენად მზად არის კონკრეტული ბიზნესი, წესების დაცვით, უსაფრთხოდ განაგრძოს ფუნქციონირება
მრავალ ბიზნესს, რომელთა დროებითი შეზღუდვა გვიწევს ვირუსთან ბრძოლის ფარგლებში, პრობლემები და სერიოზული დისკომფორტი შეექმნათ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.
მისი თქმით, ბიზნესმა უნდა დააკმაყოფილოს დაწესებული რეკომენდებული სტრანდარტები, რათა ფუნქციონირება განაგრძონ.
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ეს დისკომფორტი იყოს დროებითი და აწყობილი სისტემის ფარგლებში, შევთავაზოთ კონკრეტული სტანდარტები, რაც უნდა დააკმაყოფილონ და ამ სტანდარტების დაკმაყოფილების გადამოწმების კვალობაზე, შეძლონ, კვლავ ფუნქციონირება“, – განაცხადა თურნავამ.
მისი თქმით, უკვე დასრულდა მუშაობა სპეციალური აპლიკაციის ფორმებზე, რომლის საშუალებითაც ბიზნესს შეეძლება, დაადასტუროს თავისი მზადყოფნა საქმიანობის წესების დაცვით გაგრძელებაზე.
„დაახლოებით ერთ საათის წინ ეკონომიკის სამინისტრომ, სხვა კოლეგა უწყებებთან ერთად, დავასრულეთ მუშაობა სპეციალური აპლიკაციების ფორმებზე. ეს აპლიკაციები უკვე ატვირთულია ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდზე, ასევე აიტვირთება სოფლის მეურნეობის სამინისტროს ვებგვერდზე და თბილისის მერიაც სთავაზობს ამ აპლიკაციების უნიფიცირებულ ფორმებს ბიზნესებს, რომლებიც დროებით შეზღუდულ რეჟიმში მოქმედებენ ან ვერ მოქმედებენ. აპლიკაციები შეეხება როგორც სამშენებლო კომპანიებს, ისე საშენ მასალათა ინდუსტრიას, ასევე დანარჩენ სხვა ბიზნესს, რომლებიც დღესდღეობით არ არიან ნებადართული ბიზნესების ჩამონათვალში, ასევე შეეხება ონლაინ გაყიდვებს და სავაჭრო ქსელებსაც, რომლებიც დღეს არასასურსათო საქონლის საბითუმო მიწოდებას ვერ ახერხებენ. მარტივი ფორმებია, სადაც იქნება ასახული კონკრეტული კომპანიის მზადყოფნა, რომ დაიცვას თავისი მომხმარებლები და თანამშრომლები. შექმნილია მობილური ჯგუფები, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექციის, ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციისა და შესაბამისი მუნიციპალური ინსპექციების მონაწილეობით, ეს გაკეთდა, რათა რესურსი გვეყოს და სწრაფად გადავამოწმოთ მრავალი ბიზნესი ერთდროულად. როგორც კი დავრწმუნდებით, რომ კონკრეტულ ბიზნესში, მათ შორის ბიზნესებში, რომელიც აპირებს, ონლაინ განახორციელოს მიწოდება, იქნება წიგნები თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკა, არ აქვს მნიშვნელობა, თუ დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი მარტივი ელემენტარული პირობები, ამას წარვუდგენთ საგანგებო შტაბს და მიიღება გადაწყვეტილება“, – განაცხადა მინისტრმა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხს გარკვეული დროც დასჭირდება.
„ამას რაღაც დრო დასჭირდება, რამდენიმე დღე, შეიძლება, ერთი კვირა, მაგრამ მერწმუნეთ, ეს სწორედ ის ერთი-ორი კვირაა, რომელიც ყველას გვჭირდება, დავყოთ მაქსიმალურად სახლებში. ჩავთვალოთ, რომ ეს არის აუცილებელი მსხვერპლი, რასაც ბიზნესები გაიღებენ, რათა თავადაც დარჩნენ უსაფრთხოდ, მათი თანამშრომლებიც“, – ამბობს ნათია თურნავა.
ამასთან, ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ გლობალურ ეკონომიკაში ახალი პერიოდი დგება და საქართველოს ეკონომიკაში ყველაზე კონკურენტული და მოთხოვნადი ყველაზე უსაფრთხო ბიზნესი იქნება.
„ეს იქნება ახალი კრიტერიუმი და ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ თქვენ ქართული ეკონომიკის ბურჯებო, ჩვენო ბიზნესმენებო დახვდეთ მომზადებული ამ პერიოდს. სხვაგვარად ჩვენ ვერ ვიქნებით კონკურენტუნარიანი. როგორც სხვა ყველაფერში, მათ შორის ვირუსთან ბრძოლაში, ჩვენ რამდენიმე ნაბიჯით წინ ვუსწრებთ მსოფლიოს, აქაც გავუსწროთ და ამაში ჩვენ დაგეხმარებით“, – მიმართა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ბიზნესის საწარმომადგენლებს.