სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - 2013-2018 წლებში საარჩევნო სიიდან 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - 2013-2018 წლებში საარჩევნო სიიდან 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე სოსო გიორგაძემ არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს პროექტის – „საარჩევნო სიების სრულყოფა“ – ფარგლებში, საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორციელებული ღონისძიებები გააცნო.

სოსო გიორგაძის თქმით, დღეის მონაცემებით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო დამატებით 260 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 910 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

როგორც სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ აღნიშნა, 2013-2018 წლებში საარჩევნო სიიდან ამოიღეს 8000-მდე გარდაცვლილი პირის მონაცემი.

ანგარიშის მიხედვით, გაიზარდა იურიდიული ძალის არმქონე დოკუმენტების მფლობელი და რეგისტრაციიდან მოხსნილი პირებისათვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის ხელმისაწვდომობა, რაც აღნიშნული სეგმენტისთვის პირადობის მოწმობის უფასოდ დამზადებას გულისხმობს.

„მიმდინარე წლის 1-ელი მარტიდან გამოცხადდა პირადობის მოწმობის უფასოდ გაცემის აქცია, რომელიც 2019 წლის 1-ელ იანვრამდე გრძელდება. იუსტიციის მინისტრის ბრძანების თანახმად, გარკვეული კატეგორიის პირები თავისუფლდებიან როგორც დოკუმენტის, ასევე ფოტოსურათის გადაღებისათვის განსაზღვრული საფასურის გადახდისგან.

აქციის ფარგლებში, დღემდე, 100 000-მდე მოქალაქემ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი უსასყიდლოდ აიღო და შესაბამისად, ისინი უკვე შეძლებენ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.

იუსტიციის სამინისტრო პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზის დასახვეწად და დასაზუსტებლად 2013 წლიდან მუშაობს. 2018 წელს განხორციელებული პროექტი – „საარჩევნო სიების სრულყოფა“ რიგით მეხუთეა. 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი საარჩევნო სია მოქმედებს და ბიომეტრიულ დოკუმენტებს ეფუძნება. ბიომეტრიული დოკუმენტის ქონა კი უზრუნველყოფს პრინციპს − „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“ და გამორიცხავს არჩევნების დღეს საარჩევნო უბანზე ე.წ. „კარუსელს“.

იუსტიციის მინისტრის ინიციატივით განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში, პოტენციურ ამომრჩეველთა ბაზები მნიშვნელოვნად დაიხვეწა და გაუმჯობესდა, კერძოდ: 2 600 000-ზე მეტ მოქალაქეზე გაიცა პირადობის ელექტრონული მოწმობა, აქედან – 1 470 000-მდე დოკუმენტი, იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, გაცემულია უფასოდ ან შეღავათიან ფასად.

დღეის მდგომარეობით, საარჩევნო უფლების მქონე 2 650 000-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე პირადობის ელექტრონულ მოწმობას ფლობს, ხოლო, დამატებით, 260 000-მდე პირი – საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიულ პასპორტს, რაც სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზებში 2 910 000-მდე ზუსტი და უტყუარი მონაცემის არსებობას ნიშნავს.

შეხვედრის დასასრულს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავჯდომარემ, სოსო გიორგაძემ დამსწრე საზოგადოებას აცნობა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, არჩევნების დღეს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სპეციალური ცხელი ხაზი – (+99532) 2-40-10-10 ამოქმედდება, რომელიც 08:00 საათიდან 20:00 საათამდე იმუშავებს“, – განაცხადა სოსო გიორგაძემ.