სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, N2 სამმართველოს (ახალციხე) N5 სასაზღვრო სექტორის (ნიალა) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ბანგლადეშის სახალხო რესპუბლიკის ხუთი მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

ინფორმაციას შსს ავრცელებს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდნენ.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც 4-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.