სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 218 ახალი საწარმოს შექმნა დაფინანსდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოსვლისას სოფლის მეურნეობის პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი სექტორის მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.
„2014 წლიდან მიმდინარეობს სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამა პროდუქციის შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოო ინფრასტრუქტურის შექმნისათვის. პროგრამის დაწყებიდან დღემდე დაფინანსებულია 218 გადამამუშავებელი საწარმოს და შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა. დაფინანსებული საწარმოების სრულად ამოქმედების შედეგად შეიქმნება 250 მლნ ლარის ღირებულების აგროსასურსათო პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურის ტევადობა 130 000 ტონას მიაღწევს. 128 საწარმო უკვე ექსპლუატაციაშია შესული და ამჟამად იწარმოება 130 მილიონი ლარის პროდუქცია, შემნახველი ინფრასტრუქტურა უზრუნველყოფს 43 000 ტონა პროდუქციის თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით შენახვას“, – აღნიშნა ოთარ შამუგიამ.
ამასთან, მისივე თქმით, სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ ლარს აღემატება.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, აგროდაზღვევის პროგრამა უკვე 9 წელია, წარმატებით მიმდინარეობს და მისი დახვეწა მუდმივად ხდება.
„სერვისი თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა ფერმერისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირისათვის. მევენახე ფერმერები აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, 50%-ის ნაცვლად, 70%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლებენ, რაც ხელს შეუწყობს, პროგრამაში ჩართული სადაზღვევო კომპანიებისათვის მიმზიდველი გახდეს მაღალრისკიან რეგიონებში ვაზის კულტურების დაზღვევა, ხოლო მევენახე ფერმერებისათვის ხელმისაწვდომს გახდის მოსავლის დაზღვევას. პროგრამის ფარგლებში, 2014 წლიდან დღემდე 65,000-ზე მეტ ბენეფიციარს დაზღვეული ჰქონდა 140,000 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი, ანაზღაურებული ზარალი 67 მლნ. ლარს აღემატება“, – აღნიშნა მინისტრმა.
ოთარ შამუგიამ ასევე განაცხადა, რომ 2022 წელს დაფინანსდა ბოსტნეულისა და კარტოფილის შემნახველი 9 სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციული საწარმოს მოწყობა, სადაც სახელმწიფო თანადაფინანსება 4 მლნ ლარს აღემატება.
„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს აქვთ შესაძლებლობა, მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს მიერ ინიცირებულ მიმდინარე ყველა პროგრამაში, სადაც მათ, სხვა იურიდიულ პირებთან შედარებით, გააჩნიათ სახელმწიფო თანადაფინანსების დამატებით 10%-იანი სარგებელი, ხოლო სპეციალური კოოპერატიული პროგრამების ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსება განსაზღვრულია 70-80%-ით“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.