სახელმწიფო პროგრამის, „დანერგე მომავლის“ ფარგლებში, ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის სოფელ კუხში დაფნის პლანტაცია დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ კუხში მდებარე დაფნის პლანტაცია დაათვალიერა, რომელიც სახელმწიფო პროგრამის, „დანერგე მომავალი“ ფარგლებში დაფინანსდა. აღსანიშნავია, რომ შპს ,,ბ&ნ“ გარდა 82 ჰა-ზე დაფნის პლანტაციის გაშენებისა, გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობასაც გეგმავს.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის მეთაურს ინფორმაცია მიაწოდა, კომპანია „ბ&ნ“ ახალ მრავალწლოვან ბაღს 25 ჰექტარზე სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით აშენებს. პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, იმერეთის რეგიონში, ახალი მრავალწლოვანი ბაღი 1,200 ჰექტარზე მეტ ფართობზე გაშენდა. სახელმწიფო თანადაფინანსება 15,2 მილიონ ლარს აჭარბებს. მათ შორის, დაფნა 249 ჰექტარზე გაშენდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 2.4 მლნ ლარს აჭარბებს.
მთავრობის მეთაურის თქმით, სახელმწიფო სოფლის მეურნეობის ხელშემწყობი სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით, მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ფერმერების დახმარებას.
პრემიერთან ერთად დაფნის პლანტაციაში იმყოფებოდნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.