სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებს, შესაძლოა, თანამდებობრივი სარგო გაეზარდოთ. შესაბამისი ცვლილებები „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.

ცვლილებებით დაგეგმილია სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირება. კერძოდ, უმრავლესობა განმარტავს, რომ ცვლილება სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის გასამრჯელოს ოდენობის ზრდას გამოიწვევს.

დღეს არსებული ანაზღაურების წესის საფუძველზე კონკრეტულად განსაზღვრული კოეფიციენტი არ არის, ხოლო პროექტის მიღების შემთხვევაში სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის თანამდებობრივი სარგოს კონკრეტული კოეფიციენტები დადგინდება. კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დღეს არსებული კანონმდებლობა სახელმწიფო-პოლიტიკურ თანამდებობის პირებს უფლებას აძლევს, მათი სახელფასო ანაზღაურება დადგენილი კოეფიციენტის ფარგლებში თავად განსაზღვრონ, რაც გარკვეულწილად არასისტემურობას იწვევს.

„პროექტი ითვალისწინებს საქართველოს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის დღეს მოქმედი თანამდებობრივი სარგოს ზედა ზღვრის კოეფიციენტის ფიქსირებას, რაც გამოიწვევს გასამრჯელოს ოდენობის ზრდას. აღნიშნული თანამდებობის პირები გადაიხდიან გადასახადებს გაზრდილი ხელფასის პროპორციულად. შესაძლოა, აღნიშნული ცვლილებით მოხდეს ქონების გადასახადის გადამხდელთა გადასვლა „საგადასახადო კოდექსით“ დიფერენცირებულ შემდგომ კატეგორიაში – 100 000 ლარს ზემოთ“, – ნათქვამია განმარტებით ბარათში.

სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირის თანამდებობრივი სარგოს წესში ცვლილება შეეხება შემდეგი თანამდებობის პირების ანაზღაურებას: პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრი/სახელმწიფო მინისტრი, მათი პირველი მოადგილე და მოადგილეები, ასევე, ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, მთავრობის თავმჯდომარე, მათი მოადგილეები.

რაც შეეხება პარლამენტის წევრების შრომით ანაზღაურებას, მათთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილებები რამდენიმე თვის წინ განხორციელდა და ის პარლამენტის რეგლამენტში აისახა. ახალი კანონი 2025 წლიდან ამოქმედდება.