სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე, სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა 26 პირის მიმართ დაიწყო, – ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ, „სახელმწიფო შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტის ფარგლებში, ბრალდებულების მიერ 2018-2022 წლებში სხვადასხვა საბანკო დაწესებულებებიდან მიღებული იქნა, ჯამში, 1 789 440 ლარის ოდენობის მიზნობრივი აგროკრედიტი, რომლის პროცენტის ძირითადი ნაწილი ფინანსდებოდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან. კრედიტები უნდა მოხმარებოდა სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, მათ შორის მრავალწლიანი ნარგავების გაშენებას, ღვინის საწარმოს ინვენტარის შეძენას, წვრილფეხა პირუტყვის შეძენას, ფერმებისა და სასაწყობე მეურნეობის აშენებას.
დადგენილი იქნა, რომ, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ბრალდებულების მიერ თანხები გამოყენებული იქნა არამიზნობრივად, პირადი ინტერესებისთვის, ხოლო დანაშაულებრივი ქმედების დაფარვის მიზნით, მათ მიერ დამზადდა ყალბი შესყიდვის აქტები, ასევე, კერძო აუდიტორების მიერ შედგენილი იქნა ყალბი დასკვნები კრედიტის თითქოსდა მიზნობრივად გამოყენების თაობაზე.
აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად სახელმწიფოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა, ჯამში, 227 748 ლარი, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თავიდან იქნა აცილებული სახელმწიფოსთვის დამატებით 238 709 ლარის ზიანის მიყენების შესაძლებლობა. ამ ეტაპისთვის ანაზღაურებულია 179 442 ლარის ოდენობის ზიანი. ტარდება შესაბამისი ღონისძიებები სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მიყენებული დარჩენილი ზიანის მობილიზების უზრუნველსაყოფად.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 208-ე, 210-ე და 362-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 8 წლამდე ვადით“, – აღნიშნულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციაში.