სახელმწიფო მინისტრის მოადგილე შოთა რეხვიაშვილმა ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნება ახალქალაქში, სადაც დილიდან მოსახლეობა ქალაქის ცენტრშია შეკრებილი. ადგილობრივებისთვის მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, სპორტული აქტივობები, კონკურსები, საბავშვო სპექტაკლები და შოუები იმართება. მოწყობილია თემატური ინსტალაციები, ფოტოზონები, პავილიონები, მოსასვენებელი სივრცეები, ხელნაკეთი ნივთებისა და შემეცნებითი გამოფენები. ასევე, მოქალაქეებს შესაძლებლობა აქვთ, ადგილზე დაათვალიერონ თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა.
ახალქალაქის ცენტრალურ მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა.
„საქართველოს ხელისუფლების სახელით, მაქვს პატივი, ახალქალაქის მცხოვრებლებს მივულოცო მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი დღესასწაული – საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მნიშვნელოვანია, რომ ახალქალაქში ძალიან დიდი ინტენსივობით ჩართულია ადგილობრივი მოსახლეობა 26 მაისის საზეიმო ღონისძიებაში მონაწილეობის თვალსაზრისით. ადგილზე გამოფენილია სამხედრო ტექნიკა და იგეგმება მრავალი თემატური საინტერესო და მრავალფეროვანი აქტივობები“, – განაცხადა სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა.
ამ წუთებში ადგილობრივი შემსრულებლები, ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები კონცერტს მართავენ. ღონისძიება კულმინაციას 17 საათსა და 10 წუთზე მიაღწევს, როდესაც მთელი ქვეყნის მასშტაბით და, მათ შორის, ახალქალაქშიც საქართველოს ჰიმნი საზეიმოდ შესრულდება. საქართველოს ჰიმნს ანსამბლი „დიდგორი“ შეასრულებს, ხოლო საღამოს დაგეგმილ კონცერტზე ჯგუფი „ფრანი“ იმღერებს.
ინფორმაცია შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გაავრცელა.