სახელმწიფო მინისტრის აპარატმა 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილა
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა „სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021-2030 წლების სახელმწიფო სტრატეგიის“ 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოსა და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან განიხილა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრა დისტანციურ და ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა.
სახელმწიფო მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლია გიგაურმა სახალხო დამცველთან არსებულ ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს, ეთნიკური უმცირესობების თემებზე მომუშავე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებს, ექსპერტებსა და საერთაშორისო პარტნიორებს სამოქმედო გეგმის საბოლოო პროექტი და პროექტთან დაკავშირებით მიღებული რეკომენდაციებისა და წინადადებების შემაჯამებელი ანგარიში წარუდგინა.
ლია გიგაურმა ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის განხილვის პროცესის ინკლუზიურობას, ფართო საჯარო კონსულტაციებისა და პროცესში ნებისმიერი დაინტერესებული პირის ჩართულობის უზრუნველყოფის მნიშვნელობას ეფექტიანი, შედეგზე ორიენტირებული და ქმედითი სამოქმედო გეგმის შემუშავებისას.
შეხვედრის მონაწილეებმა სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილეს სამოქმედო გეგმის საბოლოო ვერსიასთან დაკავშირებით თავიანთი შეფასებები გააცნეს. ყველა დასმულ შეკითხვას როგორც სახელმწიფო მინისტრის აპარატის, რომელიც სამოქმედო გეგმის შემუშავების კოორდინაციას ახდენს, ასევე განმახორციელებელი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან ამომწურავი პასუხები გაეცა.
სახელმწიფო სტრატეგიის 2023-2024 წლების სამოქმედო გეგმის პროექტი, წინადადებებისა და მოსაზრებების წარმოდგენის მიზნით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ოფიციალურ ვებგვერდზე ხელმისაწვდომი იყო მიმდინარე წლის 16 თებერვლიდან.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.