სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
სახელმწიფო მინისტრმა აზერბაიჯანულენოვან გამოცემას საიუბილეო თარიღი მიულოცა და წარმატებები უსურვა მომავალ საქმიანობაში. მან „გურჯისტანის“ საუკუნოვანი ისტორიისა და იმ მნიშვნელოვანი მისიის შესახებ ისაუბრა, რომელსაც გაზეთი სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის მიზნების მისაღწევად ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით ასრულებს.
თეა ახვლედიანმა ყურადღება გაამახვილა ჩვენი ქვეყნის ეთნიკურად და კულტურულად მრავალფეროვანი საზოგადოების წევრების ტოლერანტობასა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულ იმ უნიკალურ ღირებულებებზე, რომლებსაც ემყარება და წარმოაჩენს „გურჯისტანი“.
ღონისძიებაზე სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით მომზადებული გაზეთ „გურჯისტანის“ 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ვიდეორგოლის პრეზენტაცია შედგა.
დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს გაზეთ ,,გურჯისტანის“ მთავარმა რედაქტორმა, ხალადინ ელჩუევმა, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ, გაზეთ „ვრასტანის“ მთავარმა რედაქტორმა, ვან ბაიბურთმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს აზერბაიჯანელთა კონგრესის თავმჯდომარემ“, ჰუსეინ იუსუბოვმა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია. სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა რედაქციის თანამშრომლებს სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესსა და გაზეთ „გურჯისტანის“ საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის სიგელები, საიუბილეო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ასევე სტუმრები ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებიდან, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური მისიებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელები, სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური წრეების წევრები, ახალგაზრდები, გაზეთის ერთგული მკითხველები სხვადასხვა რეგიონის აზერბაიჯანული თემიდან.
„გაზეთ „გურჯისტანის“ საიუბილეო თარიღის აღნიშვნა მისი საუკუნოვანი ღვაწლის დაფასებას ემსახურება. უკვე 100 წელზე მეტია, გაზეთი საქართველოს აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას მათ მშობლიურ ენაზე აწვდის ინფორმაციას საზოგადოებრივად მნიშვნელოვანი სიახლეების თაობაზე. განსაკუთრებით რეგიონებში, ის ასრულებს ერთგვარი გზამკვლევის როლს სხვადასხვა სფეროს რეფორმებთან, სახელმწიფო პროგრამებსა და სერვისებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ბოლო ასწლიანი ისტორიის სირთულეები, რა თქმა უნდა, გაზეთის არსზეც აისახებოდა, მან გაუძლო დროს, შეძლო დაემსახურებინა ნდობა და შეენარჩუნებინა ერთგული მკითხველი. „გურჯისტანის“ დღევანდელი ხედვა თანხვედრაშია სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის პრიორიტეტებთან. სწორედ ამიტომ სახელმწიფო მხარს უჭერს მის საქმიანობას და მის შემდგომ განვითარებას ჩვენი მრავალეთნიკური საზოგადოების საკეთილდღეოდ. მსურს, კიდევ ერთხელ მივულოცო გაზეთ „გურჯისტანის“ ერთგულ მკითხველს, მის რედაქციას და ყველა გულშემატკივარს ეს მნიშვნელოვანი იუბილე და ვუსურვო მათ შემდგომი შემოქმედებითი წარმატებები,“ – განაცხადა თეა ახვლედიანმა.
ინფორმაციას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ავრცელებს.