სახელმწიფო მინისტრის აპარატი - საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა
სახელმწიფო მინისტრის აპარატი - საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალთან რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონო დაკავების მცდელობისას საოკუპაციო ძალის წარმომადგენლის მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის უმძიმესი ფაქტი საქართველოში მიმდინარე ოკუპაციის კიდევ ერთი შემზარავი გამოვლინებაა, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაშია ნათქვამი,  მომხდარი ეწინააღმდეგება და უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს.

„საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დარღვევებსა და სიცოცხლის ფუნდამენტური უფლების ხელყოფაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას. სახელმწიფო მინისტრის აპარატი ღრმა მწუხარებას გამოხატავს დაღუპულის ოჯახის მიმართ და საქართველოს სხვა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან ერთად, ყველა ხელთ არსებული ინსტრუმენტის გამოყენებით, ჩართულია კოორდინირებულ აქტიურ მუშაობაში, როგორც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან შესაბამისი რეაგირების, ასევე უკანონოდ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქის უმოკლეს ვადაში უპირობოდ გათავისუფლების მიზნით“, – ნათქვამია სახელმწიფო მინისტრის აპარატის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.