სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებული რეფორმისთვის, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შესაძლოა, სპეციალური კომისია შეიქმნას
სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით რეფორმის განხორციელების მიზნით, პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შესაძლოა, სპეციალური უწყებათაშორისი კომისია შეიქმნას.
ამ მიზნით საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტს უკვე წარედგინა.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ კომისიამ შესაბამისი წინადადებების მომზადება და მისი პარლამენტისთვის წარდგენა უნდა უზრუნველყოს.
„სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების დაწესების, მათი მინიჭებისა და ასევე მათი სახეობებისა და შესაბამისი ფულადი გასაცემლების ოდენობების თაობაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელება იგეგმება, რაც სხვადასხვა სახელმწიფო დაწესებულებებისა და სუბიექტების მონაწილეობას საჭიროებს. სწორედ ამ მიზნით, საჭიროა პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან უწყებათაშორისი კომისია შეიქმნას, რომელიც აღნიშნულ საკითხებზე შესაბამისი წინადადებების მომზადებასა და პარლამენტისთვის წარდგენას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.