სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პარლამენტს 2019 წლის ანგარიში წარუდგინა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საკანონმდებლო ორგანოს 2019 წლის წლიური ანგარიში წარუდგინა.
დოკუმენტში, ზოგადი სტატისტიკური ინფორმაციის პარალელურად, საუბარია პერსონალურ მონაცემთა დამუშავების იმ შემთხვევებზე, რომლებზეც იყო მაღალი მომართვიანობა; რომლებიც დაკავშირებულია მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებასთან ან გამოირჩევა სენსიტიურობით და რომელთა მიმართაც არსებობს საჯარო ინტერესი. ანგარიშში აღნიშნულია, რომ გასულ წელს მოქალაქეთა მიმართვიანობა ტრადიციულად მზარდი იყო. კერძოდ, სამსახურს 422-მა პირმა მიმართა, სადაც 242 მიმართვის ავტორი მონაცემთა სუბიექტი იყო, 175-ის სხვა დაინტერესებული პირი, ხოლო ხუთი მიმართვა ანონიმური იყო.
დოკუმენტში ნათქვამია, რომ შესული განცხადებების 81 პროცენტი შეეხებოდა მონაცემთა დამუშავების საკითხებს კერძო სექტორში, 11 პროცენტი – სამართალდამცავ ორგანოებში, ხოლო რვა პროცენტი – სხვა საჯარო უწყებებში.
უწყების ცნობით, 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, მზარდი იყო ინსპექტირებების რაოდენობაც და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა 156 შემოწმება (ინსპექტირება) ჩაატარა, საიდანაც 29 პროცენტი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინიციატივით, ხოლო 71 პროცენტი – განცხადებებისა და შეტყობინებების საფუძველზე. უწყება განმარტავს, რომ ჩატარებული შემოწმებები (ინსპექტირებები) შეეხებოდა საჯარო დაწესებულებების (41 პროცენტი), კერძო ორგანიზაციებისა (35 პროცენტი) და სამართალდამცავი ორგანოების (24 პროცენტი) მიერ პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერებას.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა არაკანონიერი დამუშავების ფაქტი 135 შემთხვევაში დადგინდა. რაც შეეხება დარღვევის სახეებს, უწყების ინფორმაციით, ყველაზე ხშირად – 27 (20 პროცენტი) შემთხვევაში დადგინდა მონაცემთა უსაფრთხოების დაცვის მოთხოვნათა შეუსრულებლობა; 25 (18 პროცენტი) შემთხვევაში – მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე; 24 (18 პროცენტი) შემთხვევაში – მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა; 17 (12 პროცენტი) შემთხვევაში – ვიდეოთვალთვალის წესების დარღვევა; 12 (ცხრა პროცენტი) შემთხვევაში – მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა სუბიექტის ინფორმირების წესების დარღვევა; 12 (ცხრა პროცენტი) შემთხვევაში – პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის მონაცემთა წესების დარღვევით გამოყენება; ცხრა (შვიდი პროცენტი) შემთხვევაში – უფლებამოსილი პირის მიერ მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული წესების დარღვევით; ოთხ (სამი პროცენტი) შემთხვევაში – განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემთა დამუშავება კანონით გათვალისწინებული საფუძვლების გარეშე; სამ (ორი პროცენტი) შემთხვევაში – სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მოთხოვნის შეუსრულებლობა; ერთ (ერთი პროცენტი) შემთხვევაში – საჯარო და კერძო დაწესებულებათა შენობაში შესვლისა და შენობიდან გამოსვლის შესახებ მონაცემთა დამუშავების წესების დარღვევა; ერთ (ერთი პროცენტი) შემთხვევაში კი მონაცემთა დამმუშავებლის მიერ მონაცემთა დამუშავების უფლებამოსილი პირისათვის დავალება წესების დარღვევით.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, დოკუმენტში საუბარია გამოყენებულ სანქციებზეც. უწყების ცნობით, გამოვლენილ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 52 პროცენტზე ადმინისტრაციული სახდელის სახით გამოყენებულია ჯარიმა, ხოლო 48 პროცენტზე – გაფრთხილება. ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა 96 შემთხვევაში დაეკისრა კერძო დაწესებულებას, 22 შემთხვევაში – საჯარო დაწესებულებას, ხოლო 17 შემთხვევაში – სამართალდამცავ ორგანოს.
„ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების პარალელურად, ნაკლოვანებათა აღმოფხვრის მიზნით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მონაცემთა დამმუშავებლებს მისცა 195 დავალება და რეკომენდაცია, რომელთა უმრავლესობაც შესრულებულია, ხოლო ნაწილი ჯერ კიდევ შესრულების პროცესშია“, – აღნიშნავენ უწყებაში.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა, რომელიც ანგარიშვალდებულია მხოლოდ საქართველოს პარლამენტის წინაშე და ის ქვეყანაში 2019 წლის 10 მაისიდან ამოქმედდა, როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატის უფლებამონაცვლე.