სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებს შეხვდნენ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და სახალხო დამცველის აპარატის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომლის მიზანი უწყებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავება, პრაქტიკული საკითხების განხილვა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობა იყო.
შეხვედრა ევროპის საბჭოს ,,არასრულწლოვან და ზრდასრულ თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერის” პროექტის დახმარებით ჩატარდა.
ორდღიან შეხვედრას სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და სახალხო დამცველის მოადგილე გიორგი ბურჯანაძე უძღვებოდნენ. ორივე სამსახურის წარმომადგენლებმა სამუშაო შეხვედრაზე როგორც პერსონალურ მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებით არსებული პრაქტიკა და გამოწვევები, ასევე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მუშაობის სპეციფიკა და სამომავლო გეგმები განიხილეს.
სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ინფორმაციით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სახალხო დამცველი თანამშრომლობას როგორც ყოველდღიურ რეჟიმში, ასევე, სამუშაო შეხვედრების ფორმატში მომავალშიც გააგრძელებენ.