სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი - ვიზუალურად მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი - ვიზუალურად მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა რვა საათზე მეტხანს გაგრძელდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლის, გიორგი მიქელაძის თქმით, სააკაშვილს ასევე სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა.

მიქელაძის განცხადებით, გამოკითხვის შემდეგ დაილუქა ის ტანისამოსი, რომელიც მიხეილ სააკაშვილს გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში შესვლის დროს ეცვა.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი აცხადებს, რომ სააკაშვილს სხეულზე გარეგანი დაზიანებები არ ეტყობა. რაც შეეხება ვიდეოკადრებს, გიორგი მიქელაძის თქმით, კადრების დაარქივებასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციურ დაწესებულებას უკვე მიმართა.

„ჩატარდა მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. მას ჩაუტარდა ასევე სამედიცინო ექსპერტიზა. ამოღებულ იქნა გამოკითხვის შემდეგ გადაუდებელი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი ტანსაცმელი. დათვალიერებულ იქნა შემთხვევის სხვა ადგილმდებარეობა. მოგახსენებთ, რომ გამოძიება მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და გატარებული ღონისძიებების თაობაზე დამატებით გეცნობებათ.

ვიზუალურად არანაირი დაზიანების კვალი არ აღენიშნება. ამ საკითხის გარკვევა საჭიროებს სპეციალურ ცოდნას. სწორედ ამისთვის ჩატარდა სამედიცინო ექსპერტიზა.

ვერ გეტყვით, დასკვნა როდის დაიდება. ამ დასკვნას ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო გასცემს”,-განაცხადა გიორგი მიქელაძემ.