სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევიდა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით გლდანის მე-18 დაწესებულებაში შევიდა

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლები იმყოფებიან. ისინი მიხეილ სააკაშვილს ადვოკატების თანდასწრებით შეხვდებიან.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელის გიორგი მიქელაძის განცხადებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარატამენტში დაწყებულია გამოძიება მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებულ შესაძლო არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე და ამ საქმის ფარგლებში დაგეგმილია სააკაშვილის გამოკითხვა.

„დღეს ამ სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში დაგეგმილია ადვოკატების მონაწილეობით მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა და საჭიროებიდან გამომდინარე გამოკითხვის შემდეგ შემდგომი საპროცესო, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. კითხვები შეეხება იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა მასმედიით და რაც ყველამ კარგად იცით. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა უკვე მიმართა ამ სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში პენიტენციურ სამსახურს შესაბამისი საჭირო ვიდეოჩანაწერების დაარქივების თაობაზე, რათა შემდგომში სასამართლო განჩინების საფუძველზე განხორციელდეს მისი გამოთხოვა“, – განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

რაც შეეხება ადვოკატების განცხადებას, რომ მიხეილ სააკაშვილს წელს ზემოთ ტანსაცმელი ჰქონდა შემოხეული, სახელმწიფო ინსპეტქორის სამსახურის წარმომადგენლის თქმით, ამ საკითხზე ამ ეტაპზე ინფორმაცია არ აქვთ.

„ამ ეტაპზე ჩვენ გვაქვს ამ საქმეზე ისეთივე ინფორმაცია, რაც თქვენ გაგაჩნიათ და რაც გავრცელებულია მასმედიით, დამატებითი ინფორმაციის მოძიების და გამოკვლევის მიზნით შევდივართ სწორედ მიხეილ სააკაშვითან გამოკითხვაზე. თუ საჭირო გახდება და მართლაც მოძიებული იქნება ასეთი ნივთმტკიცებები, განხორციელდება მათი ამოღება საპროცესო კოდექსის შესაბამისად“, – აღნიშნა გიორგი მიქელაძემ.