სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის ეფექტური გამოძიება იქნება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთ-ერთი ფუნქცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტური გამოძიება იქნება.
სწორედ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნას ითვალისწინებს „პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებები, რომლის ავტორი იუსტიციის სამინისტროა.
ცვლილებებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა გავრცელდება – წამებაზე, წამების მუქარასა და დამამცირებელ მოპყრობაზე, ასევე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაზე, პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ ჩადენილ ძალადობაზე ან იარაღის გამოყენებაზე. აგრეთვე, დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფაზე, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ მუქარით, მოტყუებით, შანტაჟით ან სხვა უკანონო ქმედებით განმარტების ან ჩვენების მიცემისთვის პირის იძულებაზე.
ამასთანავე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეობა ასევე გავრცელდება – ჩვენების შეცვლის ან ჩვენების მიცემაზე უარის თქმის მიზნით პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული პირის იძულებაზე, ასევე სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ მსჯავრდებულის იძულებაზე მოქალაქეობრივი მოვალეობის შესრულებაში ხელის შეშლის მიზნით. აგრეთვე, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ჩადენილ სხვა დანაშაულზე, რომელმაც გამოიწვია დაზარალებულის სიცოცხლის მოსპობა და დანაშაულის ჩადენის დროს დაზარალებული იმყოფებოდა დროებითი მოთავსების იზოლატორში ან პენიტენციურ დაწესებულებაში, ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ, საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ, აკრძალული ჰქონდა მოცემული ადგილმდებარეობის დატოვება, ანდა დაზარალებული სხვა მხრივ იმყოფებოდა სახელმწიფოს ეფექტური კონტროლის ქვეშ.
ზემოთ აღნიშნულის გარდა, პროექტით კონკრეტდება, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულთა საქმეებზე, რომელიც ჩადენილია პროკურატურის მუშაკის მიერ, ზემოთ მითითებულ ფუნქციებს მთავარი პროკურატურის გენერალური ინსპექცია განახორციელებს.
პარლამენტში აღნიშნული ცვლილებების ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდება.