სახელმწიფო გადატრიალების საფრთხეზე ინფორმაციის გავრცელების შემდეგ რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გამართა
თურქეთში სახელმწიფო გადატრიალების საფრთხესთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემდეგ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელსა და იუსტიციის მინისტრთან შეხვედრა გამართა.
თურქული მედიის ინფორმაციით, ერდოღანის მოკავშირემ, პარტია „ნაციონალისტური მოძრაობის” ლიდერმა, დევლეტ ბაჰჩელიმ შესაძლო გადატრიალების მცდელობის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია. ბაჰჩელის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ახალ გადატრიალებას პოლიციისა და მართლმსაჯულების წარმომადგენლები გეგმავენ.
თურქული მედია წერს, რომ თურქეთის იუსტიციის მინისტრთან, ილმაზ ტუნჯთან და საგარეო დაზვერვის ხელმძღვანელთან, იბრაჰიმ კალინთან თურქეთის პრეზიდენტის შეხვედრის შემდეგ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგმება. თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ალი იერლიკაიას განცხადებით, ვინც „ფეტოს” ტაქტიკით თამაშს ცდილობს, მათი თამაშები და ხაფანგები განადგურდება.