სახელმწიფო ფილარმონიის პრივატიზებას ამ ეტაპზე არ გეგმავს
სახელმწიფო ფილარმონიის პრივატიზებას ამ ეტაპზე არ გეგმავს

ფილარმონიის პრივატიზების საკითხს ამ ეტაპზე არ განვიხილავთ, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზთან“ (ფილარმონია) დაკავშირებით.

მან განმარტა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ ფილარმონიის მენეჯმენტ კომპანიასთან კონტრაქტი შეწყვიტა და ახლა მენეჯერად დანიშნულია ეკონომიკის სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს წარმომადგენელი.

„მენეჯმენტ კომპანიასთან გვაქვს დავა სასამართლოში საჯარიმო სანქციებისა და დავალიანების გამო, რაც აქამდე დაგროვდა. შევცვალეთ მენეჯმენტი. ამ ეტაპზე, იქ მენეჯერად დანიშნულია ქონების მართვის სააგენტოს თანამშრომელი, რომელიც აკეთებს ინვენტარიზაციას და აწესრიგებს. შემდგომში ვიმსჯელებთ უფრო პროფესიონალურ მენეჯმენტზე, რადგან ჩვენი ამოცანაა, ეს კულტურული ცენტრი განვითარდეს, სრული მასშტაბით დაიტვირთოს და თავისი სახელი აღიდგინოს. ფილარმონიის პრივატიზებას ამ ეტაპზე, არ განვიხილავთ, ჯერ ვაწესრიგებთ. რა ტიპის მენეჯმენტზე ჩამოვყალიბდებით შემდგომში და რა გზით მოხდება, ცნობილი გახდება“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, ფილარმონიის მმართველ შპს „ინტერნეიშენალ ივენთსთან“  ხელშეკრულება მიმდინარე წლის სექტემბერში შეწყვიტა. უწყების ინფორმაციით, ხელშეკრულების მოშლის საფუძველი გახდა „ინტერნეიშენალ ივენთის“ მიერ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის საკონცერტო დარბაზის განვითარების მიზნით ინვესტიციის ვადაგადაცილებით განხორციელება, წელიწადში არანაკლებ 100 ადგილობრივი და ხუთი საერთაშორისო ღონისძიების მოწყობის პირობის დარღვევა, მართვის საზღაურის გადაუხდელობა და სხვა.