სახელმწიფო დროშა ქართველმა სპორტსმენებმა მცხეთაში, ბებრის ციხეზე აღმართეს
საქართველოს პრეზიდენტის მონაწილეობით, სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დროშის აღმართვის ცერემონია მცხეთაშიც გაიმართა, სადაც ეროვნული დროშა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ, ქართველ სპორტსმენებთან ერთად, ბებრის ციხეზე აღმართა.
ბებრის ციხეზე დროშის აღმართვისას საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა „მცხეთამ“ შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით, საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, დღეს დროშის აღმართვის ცერემონია საქართველოს რამდენიმე რეგიონში გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას თავად საქართველოს პრეზიდენტი მიიღებს.
სახელმწიფო დროშის დღის აღნიშვნა 10:00 საათზე პრეზიდენტის სასახლიდან დაიწყო.
სახელმწიფო დროშის ეტალონი, რომელიც რამდენიმე წლის წინ გიორგი მარგველაშვილის ინიციატივით დამზადდა, სასახლიდან საპატიო ყარაულმა გამოაბრძანა. საქართველოს პრეზიდენტმა დროშა საქართველოს ეროვნული გმირების, გიორგი ანწუხელიძისა და ზაზა დამენიას შვილებთან ერთად აღმართა.
პრეზიდენტის სასახლეში სახელმწიფო დროშის აღმართვის ცერემონიაზე სახელმწიფო ჰიმნი ანსამბლმა „შავნაბადამ“ შეასრულა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოუწოდებს საქართველოს მოსახლეობას, შეუერთდეს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივას და საკუთარი სახლებიდან გადმოფინონ სახელმწიფო დროშები.
ცერემონიას საქართველოს პრეზიდენტი, ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.
დროშის აღმართვის ცერემონია გაიმართა კახეთშიც, უჯარმის ციხეზე, სადაც საქართველოს სახელმწიფო დროშა მაშველებმა აღმართეს, საქართველოს სახელმწიფო ჰიმნი კი ვანო მჭედლიშვილის სახელობის მომღერალთა გუნდმა შეასრულა.
დღესვე, ცერემონია გაიმართება გორში. სახელმწიფო დროშას ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერები, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ორკესტრის მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით, 12:30 საათზე აღმართავენ.
ცერემონიის მონაწილეებსა და იუნკერებს საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს და სახელმწიფო დროშის დღეს მიულოცავს.
ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრის ეზოში დროშას ექიმები აღმართავენ ანსამბლ „ქუთაისის“ მიერ შესრულებული ჰიმნის თანხლებით.
სენაკში კი დროშას პედაგოგები აფხაზეთის მეშვიდე საჯარო სკოლის ეზოში აღმართავენ, რომელიც 2008 წელს აგვისტოს ომში დაღუპული კაპრალის, სოხუმელი თემურ ბოკუჩავას სახელს ატარებს. სახელმწიფო ჰიმნს ანსამბლი „სენაკი“ შეასრულებს.