სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ს საელჩო მუშაობას 21 ნოემბერს განაახლებს
სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ უკრაინაში აშშ-ს საელჩო მუშაობას 21 ნოემბერს განაახლებს

კიევში აშშ-ს საელჩო მუშაობას 21 ნოემბერს განაახლებს. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

მილერს არ დაუკონკრეტებია საფრთხის დეტალები, თუ რამ გამოიწვია კიევში საელჩოს მუშაობის შეჩერება.

მისივე თქმითვე, აშშ-ის საელჩოს არცერთ თანამშრომელს არ დაუტოვებია უკრაინა.

„ეს არის ის, რასაც ყურადღებით ვაკვირდებით. სახელმწიფო დეპარტამენტი ძალიან სერიოზულად ეკიდება თავისი პერსონალის უსაფრთხოებას. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ხვალ მუშაობას ჩვეულებრივ განვაახლებთ“, – აღნიშნა მილერმა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა ასევე არ უპასუხა კითხვაზე, ჰქონდა თუ არა აშშ-ის დაზვერვას რაიმე საფრთხეზე ინფორმაცია, მან მხოლოდ აღნიშნა, რომ უკრაინა ბოლო დღეების განმავლობაში მასშტაბურ თავდასხმებს განიცდიდა.

ცნობისთვის, 20 ნოემბერს აშშ-მა დახურა კიევში საელჩო უკრაინის დედაქალაქზე საჰაერო თავდასხმის საფრთხის გამო.