სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე მოლაპარაკებების დაჩქარებაზე შეთანხმდნენ, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა განაცხადა.
ნედ პრაისის განცხადებით, მხარეებმა შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და მომდევნო კვირებში ჩაერთონ პირდაპირ დიალოგში.
„შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დააჩქარონ მოლაპარაკებები და მოაწყონ მორიგი შეხვედრა უახლოეს კვირებში. ისინი მადლიერებას გამოხატავენ მდივანი ბლინკენის, ამერიკული მხარის მიმართ გუშინდელი დისკუსიების ორგანიზებისთვის. გუშინდელი დღე დადებითი იყო იმით, რომ მხარეები შეხვდნენ. მათ გამოავლინეს უთანხმოების მრავალი სფერო. დღის ბოლოს მათ შეძლეს ერთობლივ განცხადებაზე შეთანხმება. მათ შეძლეს შეთანხმება, რომ გააგრძელონ შეხვედრები და ჩაერთონ პირდაპირ დიალოგსა და დიპლომატიაში მომდევნო კვირებში“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
სომხეთის და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები, ვაშინგტონში, 7 ნოემბერს შეხვდნენ ერთმანეთს.