სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ, მაგრამ სიტუაციას ვაკვირდებით
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის პრესსპიკერი აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ძალადობა საჯაროდ უნდა დაგმოს, 5-6 ივლისს მომხდარი ფაქტები კი გამოძიებულ უნდა იქნას და დამნაშავეები კანონის სრული სიმკაცრით გასამართლდნენ.
„უპირველესად, რა თქმა უნდა, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ და სამძიმარს ვუცხადებთ ლექსო ლაშქარავას ოჯახს, საყვარელ ადამიანებს და მის კოლეგებს. ყურადღებით ვადევნებთ თვალს ცნობებს მის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. მოგიწოდებთ სიმშვიდისკენ და იმ ძალადობის დასრულებისკენ, რომელმაც უკვე შეიწირა ტრაგიკულად ერთი სიცოცხლე, ამ შემთხვევაში – თქვენი კოლეგის სიცოცხლე. ყველა ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის სანდოობა მოითხოვს, რომ ყველა პირი, რომელიც 5-6 ივლისს თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებსა და ჟურნალისტებს, ასევე ისინი, რომლებმაც წააქეზეს ძალადობა, იქნენ იდენტიფიცირებულები, დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული.
ჩვენ საქართველოს ლიდერებს და სამართალდამცავ უწყებას შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლება. ჩვენ შევახსენებთ მათ პასუხისმგებლობას, რომ დაიცვან ჟურნალისტები და მედიის თავისუფლება. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ქართველს, მათ შორის ხელისუფლებას, საჯაროდ დაგმონ ასეთი ძალადობა, რომელსაც არ აქვს ადგილი დემოკრატიაში. ჩვენ ამაყად განვაგრძობთ მთელ მსოფლიოში ლგბტქ-საზოგადოების ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან დაცვას. ვცდილობთ, გავაძლიეროთ ლგბტ-მოძრაობები და ადამიანები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ-ჯგუფების მიმართ, და რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაშიც ჩვენ ვგმობთ სასტიკ ძალადობას თქვენი ყოფილი კოლეგის მიმართ, რომელიც გარდაცვლილია“, – განაცხადა ნედ პრაისმა.
მისივე თქმით, აქვთ სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი აგებინონ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში და ერთ-ერთი ასეთი იარაღია სანქციები, რაზეც წინასწარ არ სუბრობენ.
„რაც შეხება პრემიერ-მინისტრს და მის მომავალს, რა თქმა უნდა, ეს ქართველი ხალხის გადაწყვეტილებაა. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე მსოფლიოში. სანქციები ერთ-ერთი ასეთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებზე წინასწარ არ ვსაუბრობთ, ვიდრე არ შემოვიღებთ მას, მაგრამ სიტუაციას დიდი ყურადღებით ვაკვირდებით. გვინდა, დავინახოთ, რომ ყველამ, ვინც ეს ჩაიდინა, პასუხი აგოს. რაც შეეხება საქართველოში ყველა პოლიტიკურ აქტორს, ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ, დაგმონ ეს ძალადობა. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, გავიმეორებთ ჩვენს მოწოდებას – ზედმიწევნით გამოიძიონ ეს საქმე და შედეგად, ამ საშინელი დანაშაულის ჩამდენმა პირებმა სამართლის წინაშე პასუხი აგონ“, – განაცხადა ნედ პრაისმა.