აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროკავშირში აშშ-ის ელჩის სატალეფონო საუბარს სავარაუდოდ რუსეთი უსმენდა
აშშ-ის პრეზიდენტისა და ევროკავშირში აშშ-ის ელჩის სატალეფონო საუბარს სავარაუდოდ რუსეთი უსმენდა

სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომელი დევიდ ჰოლმსი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპისა და ევროკავშირში აშშ-ის ელჩის სატალეფონო საუბარს, სავარაუდოდ, რუსეთი უსმენდა.

ეს განცხადება დევიდ ჰოლმსმა კონგრესში გამართულ დახურულ მოსმენაზე გააკეთა. ჰოლმსის ამ ჩვენების სტენოგრამა 18 ნოემბერს გამოქვეყნდა.

ჰოლმსი ამბობს, რომ დონალდ ტრამპმა ევროკავშირში აშშ-ის ელჩ გორდონ სონდლანდს მაშინ დაურეკა, როდესაც ეს უკანასკნელი კიევის ერთ-ერთ რესტორანში იმყოფებოდა. მისივე თქმით, ამ საუბრის დროს აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენის შვილის წინააღმდეგ გამოძიების საკითხით დაინტერესდა.

ჰოლმსის თქმით, უკრაინაში მოქმედი სამი მობილური ქსელიდან ორი რუსულ კომპანიებს ეკუთვნის.

„ზოგადად ჩვენ მივიჩნევთ, რომ უკრაინაში მობილურ კავშირს მონიტორინგს უწევენ“, – განაცხადა ჰოლმსმა.

ამასთან ერთად, დიპლომატი ამბობს, ტრამპი საკმაოდ ხმამაღლა საუბრობდა, რის გამოც ევროკავშირში აშშ-ის ელჩს ტელეფონის ყურიდან შორს დაჭერაც კი მოუწია და შესაბამისად არსებობს საფრთხე, რომ ტრამპის საუბარი რესტორანში მყოფ სხვა ადამიანებსაც გაეგოთ.

ჰოლმსის თქმით, ტრამპმა სონდლანდს ჰკითხა, აპირებდა თუ არა უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკი ბაიდენის წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას, რაზეც სონდლანდმა უპასუხა, რომ „უკრაინის პრეზიდენტი, გააკეთებს ყველაფერს, რასაც ტრამპი ითხოვს“.

როგორც დევიდ ჰოლმსი ამბობს, ტრამპის ამ სატელეფონო ზარის შესახებ მან ინფორმაცია ხელმძღვანელობას მაშინვე მიაწოდა.