სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისა და კიდევ 18 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს
სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისა და კიდევ 18 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი უკრაინისთვის და კიდევ 18 ქვეყნისთვის სამხედრო დახმარების გამოყოფის შესახებ ენტონი ბლინკენის განცხადებას ავრცელებს.

როგორც ბლინკენი აღნიშნავს, აშშ აცნობებს კონგრესს, რომ უკრაინისა და მისი 18 მეზობლის, მათ შორის ნატო-ს მოკავშირეებისა და რუსული აგრესიის პოტენციური საფრთხის წინაშე მყოფი აშშ-ის რეგიონული პარტნიორების უსაფრთხოების გასაძლიერებლად ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს 2,2 მილიარდი დოლარის გამოყოფას.

ამას გარდა, აშშ უკრაინას დამატებით 675 მილიონი დოლარის შეიარაღებასა და სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის, რის შესახებაც ენტონი ბლინკენმა პრეზიდენტ ზელენსკის აცნობა.

„უკრაინაში პრეზიდენტ პუტინის ინტერვენციის შემდეგ შვიდი თვე გავიდა, ამ საშინელი ომის მსხვერპლთა რიცხვი ზრდას განაგრძობს. ათასობით მოქალაქე მოკლული ან დაჭრილია, 13 მილიონი უკრაინელი იძულებული გახდა, სახლი მიეტოვებინა, ისტორიული ქალაქები ნანგრევებად იქცა, ვრცელდება საშინელი ცნობები მიმდინარე სისასტიკეებზე, ბირთვული ელექტროსადგური რისკის ქვეშ არის, სასურსათო დეფიციტი, მსოფლიოში სურსათის ფასის სწრაფად იზრდება. უკრაინის ფრონტის ხაზის შესანიშნავი დამცველები განაგრძობენ მამაცურად ბრძოლას თავიანთი ქვეყნის თავისუფლებისთვის და პრეზიდენტმა ბაიდენმა მკაფიოდ განაცხადა, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ უკრაინელ ხალხს, რამდენ ხანსაც საჭირო იქნება. მე დავუდასტურე ეს გზავნილი პრეზიდენტ ზელენსკის და მის გუნდს დღეს კიევში, რომელიც რჩება და დარჩება სუვერენული, დამოუკიდებელი უკრაინის დედაქალაქად“, – ნათქვამია ენტონი ბლინკენის განცხადებაში.

ამასთან, მანამდე  „ესოშიეტიდ პრესმა“ სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ დახმარების მიმღებ 18 ქვეყანას შორის არის საქართველოც.