სახელმწიფო დეპარტამენტი - მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მომავალი ნატო-შია
სახელმწიფო დეპარტამენტი - მხარს ვუჭერთ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მომავალი ნატო-შია

ბრიუსელში გამართულ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა. ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ ბრიფინგზე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა.

როგორც უწყებაში აღნიშნეს, აშშ-მა ატლანტიკური საბჭოს სხდომაზე რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ორი ქვეყნის პოზიციის მხარდასაჭერად მხარდაჭერის მკაფიო სიგნალი გაგზავნა.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის თქმით, აშშ მხარს უჭერს საქართველოსა და უკრაინაში დემოკრატიის შენებასა და ამ ორი ქვეყნის რეფორმებისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებას.

„ჩვენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის დეკლარაციას ვუჭერთ მხარს, რომელიც ადასტურებს, რომ საქართველოს მომავალი ნატო-შია. საქართველომ დიდი ნაბიჯები გადადგა რეფორმების მიმართულებით, განსაკუთრებით თავდაცვის სექტორში, მას დიდი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების მისიებში. ასე რომ, ჩვენი პოლიტიკური პოზიცია არ შეცვლილა“, – განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, რომ ქერჩის სრუტეში განვითარებულ მოვლენებზე ნატო-ს რეაგირება სხვაგვარია, ვიდრე 2008 წლის ომის დროს იყო.

„ახლა ჩვენ არ ვხედავთ ნატო-სგან ისეთ ქმედებას, რაც საქართველოში ომის დაწყებისას გააკეთა – ქვიშაში თავი ჩარგო და არ ისაუბრა ხმამაღლა. საუბარი რაღაცას ნიშნავს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ცოტა ხნის წინ თქვა, სიტყვებს მნიშვნელობა აქვს. ვფიქრობ, ქერჩის ინციდენტის შემდეგ, აშშ-ის სიტყვები კრისტალურად მკაფიოა“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის განცხადებაში, რომელიც დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.