სახელმწიფო დეპარტამენტი - აშშ ბელარუსში ჩატარებულ ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს
აშშ ბელარუსში ჩატარებულ „ფიქტიურ საპარლამენტო და ადგილობრივ არჩევნებს გმობს“. ამის შესახებ სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.
უწყების ცნობით, არჩევნები ჩატარდა შიშის ატმოსფეროში, რომელშიც ვერცერთი საარჩევნო პროცესი ვერ ჩაითვლება დემოკრატიულად.
სახელმწიფო დეპარტმენტის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკოს რეჟიმს ამ დრომდე ჰყავს 1 400-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, ყველა დამოუკიდებელი პოლიტიკური ფიგურა ან დაკავებულია, ან ქვეყნიდან გაძევებულია.
„ყველა დამოუკიდებელ პოლიტიკურ პარტიას უარი უთხრეს რეგისტრაციაზე. საზღვარგარეთ მცხოვრებ ბელარუსებს ხმის მიცემა მხოლოდ მინსკში დაბრუნების შემთხვევაში შეეძლოთ, სადაც მათ, სავარაუდოდ, რეპრესიები ემუქრებოდათ“, – ნათქვამია განცხადებაში და აღნიშნულია, რომ ამ ყველაფერმა ეფექტიანად გაყინა ნამდვილი პოლიტიკური აქტივობა ბელარუსში.
როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, ბელარუსის ხელისუფლებამ არ დაუშვა ეუთო არჩევნებზე დასაკვირვებლად, რამაც შეზღუდა გამჭვირვალობა, რაც აუცილებელია თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის.
„შეერთებული შტატები აღიარებს სიძლიერეს, სიმტკიცეს, გამბედაობას ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული მოძრაობისა, რომლებიც ითხოვენ ხმას თავიანთი ქვეყნის მომავლის განსაზღვრაში. შეერთებული შტატები კვლავ მოუწოდებს ლუკაშენკოს რეჟიმს, შეწყვიტოს რესპრესიები, გაათავისუფლოს ყველა პოლიტიკური პატიმარი და დაიწყოს დიალოგი თავის პოლიტიკურ ოპონენტებთან. ბელარუსი ხალხი უკეთესს იმსახურებს“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის სახელით გავრცელებულ განცხადებაში.
ბელარუსში საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები 25 თებერვალს გაიმართა. ქვეყნის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ 73,09 პროცენტი შეადგინა.