სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იქნება
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუდმივი წევრი იქნება. შესაბამისი ცვლილებები „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე მოხდება, ცვლილებების ინიციატორი მთავრობაა.
აღმასრულებელი ხელისუფლება განმარტავს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსისთვის არსებითად მნიშვნელოვანია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მუშაობაში და უსაფრთხოების საკითხების განხილვაში მუდმივი წევრის სტატუსით მონაწილეობა, რამდენადაც აღნიშნულ პროცესში თანადროული ჩართულობა სამსახურის სისტემას მეტად აუმაღლებს დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სტრატეგიულ დონეზე მზადყოფნის დონეს, მისცემს მეტ შესაძლებლობას შესაძლო საფრთხეების წინმსწრები ანალიზისა და რეაგირებისთვის, ასევე აამაღლებს შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობისა და ურთიერთკოორდინაციის ხარისხს.
დღეს მოქმედი კანონით, საბჭოს მუდმივი წევრები არიან – პრემიერ-მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, დაზვერვის სამსახურის უფროსი და თავდაცვის ძალების მეთაური.